თენგიზ ნებულიშვილი – კორღალიძეების საფეხბურთო ტრადიციის გამგრძელებელი

0
435

კორღალიძეების საფეხბურთო ოჯახს ქართველ გულშემატკივრებში დიდი წარდგენა არ სჭირდება. ოთარ კორღალიძე არაერთი სეზონის განმავლობაში თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“ და ლანჩხუთის „გურიას“ ღირსებას წარმატებით იცავდა. თუნდაც ის რად ღირს, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში 100-გოლიან ნიშნულს პირველმა მიაღწია. კარიერას დასრულების შემდეგ ხელი მწვრთნელობას მიჰყო, რაც ასევე კარგად გამოსდიოდა. უფროსი კორღალიძე ახლაც ფეხბურთშია და ვაკეში მდებარე საფეხბურთო კლუბ „ჩემპიონს“ ხელმძღვანელობს.
მის ვაჟ ლევან კორღალიძეს კარგი კარიერა ჰქონდა რიგის „სკონტოსა“ და კიშინიოვის „დაჩიაში“. ორივე კლუბში ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო მოლდოვაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად უეფას ვებგვერდმა დაასახელა. ის ამჟამად თბილისის „იბერიას“ მწვრთნელია, რომელსაც გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო მანამდე დავით ყიფიანის სახელობის თასი ააღებინა.
ბაბუის დაწყებულ გზას აგრძელებს 16 წლის თენგიზ ნებულიშვილი, რომელიც 2008 წლის 22 სექტემბერსაა დაბადებული. მან 2024 წელს თბილისის „იბერიას“ შემადგენლობაში მიხეილ მესხის სახელობის 17-წლამდელთა ოქროს ლიგა მოიგო. ერთი წლით უფროსებში ითამაშა და 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა, რაც ურიგო შედეგი არაა იმის გათვალისწინებით, რომ შეცვლაზე შედიოდა.
ნებულიშვილის კარგმა თამაშმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ჩიტაურის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც ტანმაღალ ფორვარდს თავის გამოჩენის შანსი მისცა.
ჩიტაურის გაწვრთნილები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ეტაპისთვის ემზადებოდნენ და ნებულიშვილის დებიუტი 2024 წლის 27 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სლოვაკეთთან 0:3 წაგებულ ამხანაგურ მატჩში შედგა. „იბერიას“ თავდამსხმელმა სასტარტოში ითამაშა და მოედანზე 74 წუთი გაატარა.
ორ დღეში ჩვენმა 17-წლამდელებმა სლოვაკებთან რევანში აიღეს (2:0) და გუნდის წარმატებას სათავე სასტარტოში მყოფმა ნებულიშვილმა დაუდო, რომელმაც ანგარიში 42-ე წუთზე გახსნა. ის 69-ე წუთზე შეცვალეს.
ნებულიშვილისთვის 17-წლამდელთა ნაკრებში საუკეთესო მატჩი მოლდოვასთან აღმოჩნდა. 8 სექტემბერს დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გამართული სპარინგი ჩიტაურის შეგირდებმა 3:1 მოიგეს და „იბერიას“ ფორვარდმა დუბლი შეასრულა. მან მოლდოველთა კარი ჯერ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე აიღო, ხოლო მეორე ტაიმის განახლებიდან 7 წუთში დუბლი მიითვალა. ნებულიშვილმა განვლილ შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა.
10 სექტემბერს მოლდოველებთან 1:1 დასრულებულ სპარინგში ნებულიშვილი ისევ სასტარტოში მოხვდა და 67-ე წუთზე შეცვალეს.  ცნობისთვის, ჩიტაურის შეგირდებში ის ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ამხანაგურ მატჩებში დუბლი მიითვალა. გარდა ამისა, განვლილ სპარინგებში ნაკრებში ყველაზე მეტი სამი გოლი გაიტანა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გამტანი ფორვარდის თვისებები აქვს.
სლოვენიაში ჩატარებულ ევროშესარჩევის პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა მასპინძლებთან 1:2 წააგო და სასტარტოში მყოფი ნებულიშვილი 79-ე წუთზე შეცვალეს. 17-წლამდელები  მეორე თამაშში პოლონეთთან 0:3 დამარცხდნენ და ნებულიშვილი ისევ სასტარტოში იყო, ხოლო მოედანზე პირველი ტაიმი დაჰყო. მას მესამე შეხვედრა, რომელიც სომხებს 3:1 მოვუგეთ არ უთამაშია. სამწუხაროდ, ჩიტაურის გაწვრთნილები ელიტ რაუნდში ვერ გავიდნენ, მაგრამ როგორც ნებულიშვილმა, ასევე მისმა პარტნიორებმა კარგი საერთაშორისო გამოცდილება მიიღეს.
„იბერიას“ შემტევს კარიერის კარგი დასაწყისი აქვს და იმედია თავისი პროფესიონალიზმით საქართველოში ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდება. მით უმეტეს, კორღალიძეების საფეხბურთო ოჯახიდან გამომდინარე პროფესიონალიზმის და შრომისმოყვარეობის მაგალითი არ აკლია.

ლაშა თაბაგარი