დიეგო სიმეონეს ნანატრი გამარჯვება ბარსელონაში

0
57

ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში „ბარსელონამ“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. მატჩის 30-ე წუთზე გერმანელი ჰანსი ფლიკის გაწვრთნილები პედრიმ დააწინაურა. მე-60 წუთზე მადრიდელთა არგენტინელმა ნახევარმცველმა დე პოლმა ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე ნორვეგიელმა ფორვარდმა სორლოტმა ზუსტი დარტყმით „ატლეტიკოს“ სამი ქულა მოუტანა.
„ატლეტიკომ“ სტუმრად „ბარსელონას“ 2006 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა. ცნობისთვის, დიეგო სიმეონე მადრიდელებს 2011 წლიდან წვრთნის. „ბარსელონამ“ „ატლეტიკოსთან“ 2021 წლის შემდეგ პირველად წააგო. მანამდე, კატალონიელებმა ზედიზედ 5 თამაში მოიგეს. „ბარსელონა“ ლა ლიგაში ზედიზედ სამ შეხვედრაში 1965 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა. ბოლო 5 შეხვედრაში „ბარსელონამ“ 5 ქულა აიღო. ასეთი რამ ბოლო 20 წელიწადში პირველად მოხდა. მაშინ, გუნდს ნიდერლანდელი ფრანკ რაიკარდი წვრთნიდა.
„ატლეტიკომ“ ყველა ტურნირში მიჯრით 12 შეხვედრაში გაიმარჯვა და საკლუბო რეკორდის გასამეორებლად ესპანეთის თასზე „მარბელიასთან“ მოგება სჭირდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში სომეონეს გუნდმა 13 გოლი გაიტანა 90-ე წუთზე და კიდევ უფრო გვიან.
“ატლეტიკო” 41 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი