ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც გურამ კაშია გამოდის, ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ზედიზედ მეექვსე თამაში წააგო. სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონი მე-6 ტურში სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდა და თავის კარში სამი გოლი მიიღო, ხოლო მეტოქეს ერთი გაუტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. მადრიდელები მე-16 წუთზე ხულიან ალვარესმა დააწინაურა, ხოლო 42-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. 51-ე წუთზე ერთი ბურთი სტრელეცმა გაქვითა, რომელმაც პენალტი გამოიყენა. 57-ე წუთზე გრიზმანმა დუბლი შეასრულა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
„სლოვანი“, რომელსაც ქულა არ აუღია 36 გუნდში ბოლო ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაში 2025 წლის 21 იანვარს შინ „შტუტგარტთან“ ჩაატარებს.
განვლილ მატჩში ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქისირდა. კერძოდ, ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელის შვილები მოედანზე იმყოფებოდნენ. “ატლეტიკოს” თავკაცის დიეგო სიმეონეს შვილმა ჯულიანო სიმეონემ სასტარტოში ითამაშა, ხოლო ვლადიმირ ვაისი უმცროსი შეცვლაზე 84-ე წუთზე შევიდა. მანამდე, ჩემპიონთა ლიგაში მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ლაშა თაბაგარი





