ვილი სანიოლის განცხადებით საქართველოში თავს ბედნიერად გრძნობს და ამიტომ, რამის შეცვლის მიზეზი არ ჰქონია. ფრანგმა სპეციალისტმა ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედარციასთან ახალი კონტრაქტის 2028 წლის ბოლომდე გაფორმების შემდეგ გაანცხადა.
ვილი სანიოლი: “მას შემდეგ, რაც ერთი ლამაზი ისტორია უკვე დავწერეთ, კიდევ ერთი მსგავსი ისტორიის დაწერა შეგვიძლია ახალ პროექტად მივიჩნიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეგვიძლია და მსურს ამის ნაწილი ვიყო. საქართველოში თავს ბედნიერად ვგრძნობ და რამეს შეცვლის მიზეზი არ მქონია.
საქართველოს ნაკრები უკვე ანგარიშგასაწევი გუნდია ევროპაში და ამას უნდა მივეჩვიოთ. კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დონის გაუმჯობესება. გვსურს იმ გამოცდილების კიდევ ერთხელ გაზიარება, რომელიც გასულ ზაფხულს არა მხოლოდ გუნდმა, არამედ მთელმა ქვეყანამ მიიღო”.
ლევან კობიაშვილი (სფფ-ს პრეზიდენტი): “მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. ნაყოფიერი პერიოდი გვაქვს ვილი სანიოლთან ერთად და ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. მინდა მადლობა გადავუხადო მას და დარწმუნებული ვარ, მომავალში, საქართველოს ნაკრებთან ერთად კიდევ უფრო მეტი შედეგს მიაღწევს”.
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ს ვიცეპრეზიდენტი): “ძალიან მიხარია, რომ ვილი სანიოლთან ახალი კონტრაქტის გაფორმება შევძელით. ძალიან ბევრი ნაკრები და კლუბი იჩენდა ინტერესს მის მიმართ. ერთად დიდი და წარმატებული გზა გამოვიარეთ. ჩვენი მიზანია, რომ მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ და უფრო მეტს მივაღწიოთ ერთად”.
სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, 42 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 20 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 16-ჯერ დამარცხდა.
მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ევრო 2024-ის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა. უეფას ერთა ლიგის C ლიგაში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის B ლიგაში ასპარეზობს.
ლაშა თაბაგარი





