„თელავმა“ „კოლხეთს“ სამჯერ გაუტანა

0
33

კვიპროსელი ხარალამბოს ხრისტოდულუს ხელმძღვანელობით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი „თელავი“ შინ ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.
მატჩის მე-10 წუთზე სტუმართა უკრაინელმა მეკარე იაროსლავ კოტლიაროვმა თავის საჯარიმოში ჰაიტელი ფორვარდი ჟოზელ დეზირე წააქცია და მთავარმა მსაჯმა გიორგი კიკაჩეიშვილმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. გუნდის კაპიტანმა ანტონ თოლორდავამ პენალტი გამოიყენა – 1:0. 24-ე წუთზე ჯარიმის შესრულების დროს ფოთელთა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა დავით ოდიშვილმა მოიგო, ხოლო სერბმა ფორვარდმა დეიან გეორგიევიჩმა ასევე თავით ანგარიშში სხვაობა რო ბურთამდე გაზარდა. 73-ე წუთზე „კოლხეთის“ ბრაზილიელმა ლეგიოენრმა გაბრიელ ფერეირამ პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი ზედა ძელს მოხვდა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა დეზირემ მარჯვენა ფლანგიდან სტუმრების საჯარიმოში ჩააწოდა, სადცა აკაკი გიუნაშვილის ფეხიდან ბურთი ტატო ჟივიძეს მიუვიდა, რომელმაც საბოლოო წერტილი დასვა – 3:0.
„თელავი“ 30 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა, ხოლო კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი „კოლხეთი“ 31 ქულით მერვეა.
თელავი 3:0 კოლხეთი 1913 
ლაშა თაბაგარი