2026/27 წლების სეზონის ჩელენჯ თასის პირველ მატჩში, გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის უელსურმა გუნდმა ‘ოსფრიზმა’, “ავჭალაზე” ‘შავ ლომს’ ორის წილ შვიდი ლელო გაუტანა და 39:14 გაიმარჯვა.
სტუმრები ფაქტობრივად ყველა კომპონენტში უპირატესობას ფლობდნენ. ისინი მაღალ ტემპში ბურთაობდნენ, სივრცეებს პოულობდნენ და საკუთარ შესაძლებლობებს კარგად იყენებდნენ. მასპინძლებმა ტაიმში თითო ლელო გაიტანეს, რომელთაგან პირველი განსაკუთრებით კარგი სანახავი იყო, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
უელსელებმა საწყის 12 წუთში სტატიკური ფაზებიდან ორი ლელო გაგვიტანეს. მათ ჯერ 5-მეტრიანი დერეფნიდან კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ მოლი დააყენეს და მიზანს გვილიმ ევანსმა უწია, მერე კი 5-მეტრიანი შერკინებიდან მორგან მორსმა შეუტია და მისი შეჩერება ვერ მოვახერხეთ.
ტაიმის შუაში ჩვენი გუნდის ჰავბეკმა გიორგი სპანდერაშვილმა გაიბრწყინა. მან შერკინებიდან გამოსული ბურთი მიიღო, ცრუმოძრაობებით გვერდი რამდენიმე მცველს აუარა, დაახლოებით 25 მეტრი დაფარა და ძელებსშუა შეფრინდა. ლუკა ცირეკიძემ გარდასახვით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა. შესვენებამდე ‘ოსფრიზმა’ კიდევ ორი ლელო მიითვალა, ერთი გარდასახვა გამოიყენა და ტაიმი 22:7 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში თავისუფალი ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ ლელო ალამთან მივიღეთ, 50-ე წუთზე კი ხაზის გაჭრის შემდეგ სტუმართა კვაჭმა ლუის ჰლოიდმა ხაზი გაჭრა და ლელომდე ირბინა. ტაიმის შუაში ხაზის გაჭრას სტუმართა მეშვიდე ლელო მოყვა, რაზეც მატჩის მიწურულს ოთარ გიორგაძემ უპასუხა. ის მოლს დროულად მოწყდა და ფიზიკური მონაცემების გამოყენებით მიზანს უწია, ცირეკიძეს გარდასახვამ კი საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 14:39.
‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასის მეორე ტურის შეხვედრას 13 დეკემბერს საფრანგეთში გამართავს. ის “სტად ფელიქს მაიოლიზე” ტოპ 14-ის ერთ-ერთ გრანდ ‘ტულონს’ ეწვევა.
2026/27 წლების ჩელენჯ თასი
მესამე ჯგუფი. პირველი ტური
17 ოქტომბერი. შაბათი
თბილისი. „ავჭალა“. 16:00 საათი
შავი ლომი (საქართველო) – ოსფრიზი (უელსი) 14:39 (7:22)
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. დათა ახვლედიანი, 11. რომა მახათაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. გიორგი სპანდერაშვილი;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. მაიკლ ქარი, 6. ლუკა ნარსია, 7. ლაშა ციხისთავი, 8. ლეავასე პოტუ.
მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19 ლადო ჩაჩანიძე, 20. სანდრო მამამთავრიშვილი, 21. ოთარ გიორგაძე; 22. თემურ ძოძუაშვილი, 23. ოთარ მეტრეველი.
rugby.ge





