თბილისის „დინამო“ არსებობის ისტორიაში მეთექვსმეტედ დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გავიდა. „დინამო“ თასის 13-გზის მფლობელია, რაც რეკორდია, თუმცა, 2016 წლის შემდეგ ფინალში პირველად მოხვდა.
1/2-ფინალში ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოფერის გუნდი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ კახა ჩხეტიანის გაწვრთნილ ფოთის „კოლხეთს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
თბილისელებს ფინალის საგზური საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდმა მათე ვაწაძემ მოაპოვებინა. 61-ე წუთზე თავის საჯარიმოში მყოფ აკაკი გიუნაშვილს ბურთი ხელზე მოხვდა და მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. ვაწაძემ მიცემული შანსი გამოიყენა და მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.
„დინამო“ 5 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონაზე გასამართ ფინალში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ის ბინადარ სპაერს შეხვდება.
ლაშა თაბაგარი




