თბილისის „დინამოს’ 18 წლამდე ფეხბურთელთა გუნდმა უეფას ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ჩერნოგორიის „ბუდუჩნოსტს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა.
ვალერი გაგუს გაწვრთნილები შეხვედრის მსვლელობისას ორჯერ აგებდნენ, მაგრამ მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე იბრძოლეს და მინიმალური სხვაობით მოიგეს.
თამაშის მე-9 წუთზე კამაიმ მასპინძლების საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა და „დინამოს“ მეკარეს ბურთი ხელებიდან გაუვარდა, ხოლო კოსტიჩმა ახლო მანძილიდან თავით გაიტანა – 0:1. მე-14 წუთზე საბა სამუშიამ, რომელიც „დინამოში“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ლუკა ბუბუტეიშვილთან ერთად, საჯარიმოს გარედან ბურთი შორეულ „ცხრიანში“ მოჭრა – გოლი მართლაც ეფექტური გამოვიდა 1:1.
24-ე წუთზე სამუშიამ შორი მანძილიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა.. 41-ე წუთზე სავოვიჩი კარგა გვარიანი მაძილიდან დაემუქრა დინამოელთა კარს და გაგვიშვილმა ნახტომში თავისი გუნდი კიდევ ერთი გოლის გაშვებას გადაარჩინა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში კამამიმ კუთხური ჩააწოდა და ტომაშევიჩმა თავურით ბალკანელები ისევ დააწინაურა – 1:2. ტაიმის მიწურულს ბუბუტეიშვილმა დაახლოებით 22-23 მეტიდან დაარტყა და ჩერნოგორიელთა გოლკოპერმა ხიფათი გაანეიტრალა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „ბუდუჩნოსტის“ კონტრშეტევის დროს „დინამოს“ საჯარიმოში შესული კამაი მეკარეს გაცდა და კარში დაარტყა, მაგრამ ივაჟკაცა, თავდასხმიდან დაცვაში ჩასულმა სამუშიამ ივაჟკაცა, რომელმაც ბურთი ცარიელი კარიდან მოიგერია. 55-ე წუთზე დაახლოებით 25 მეტრიდან ბუბუტეიშვილის დარტყმული ბურთი ჩერნოგორიელთა მეკარემ უხერხულად მოიგერია და კარის წინ მდგომმა ნიკა ცეცხლაძე, ერთი შეხებით ანგარში გაათანაბრა.
90-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა ნიკა ჩიქოვანმა მცველი ჩამოიცილა და მის დარტყმულს დააფარეს, მაგრამ ისევ მნას მიუვიდა ბურთი, რომელიც შეუჩერებლად დაბალ კუთხეში ზუსტად გაგზავნა – 3:2. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში დუკანოვიჩმა ძალიან სახიფათოდ დაარტყა და გელა სადღობელაშვილმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. „ბუდუჩნოსტმა“ თამაში 10 კაცით დაასრულა, რადგან დურაშიჩმა ბოლო წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
„დინამო“ საპასუხო თამაშს ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცაში 2 ოქტომბერს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





