ივან ჰაშეკი: “მიზანი სამი ქულის აღებაა”

0
56

ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერთა ლიგის B ლიგის პირველ ჯგუფში ხვალ საქართველოსთან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გასამართ პირველ მატჩში სამი ქულის აღებას გეგმავს. მან ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც გუნდის კაპიტანი ტომაშ სოუჩეკიც დაესწრო.
ივან ჰაშეკი: “მადლობა თბილის სიტყვებისთვის ჩვენი გუნდის მიმართ. ერთა ლიგის ტურნირს სერიოზულად ვუდგებით და დიდი მოლოდინი გვაქვს. მატჩისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ჩვენი მიზანია, ფეხბურთელები მაქსიმალურად იყვნენ კონცენტრირებულები და შედეგიც აუცილებლად მოვა. მოედანს ვარჯიშის დროს შევაფასებ. იმედი მაქვს, რომ ამინდი მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს და მოედანი კარგ მდგომარეობაში იქნება.
ძალიან ვაფასებ ქართველ გულშემატკივარს! ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა, თუ როგორი ქომაგობა შეგიძლიათ. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი მომენტების რეალიზებასა და იმაზე, თუ როგორ შეასრულებენ ჩემი ფეხბურთელბი ჩემს დავალებებს. ჩვენი მიზანი სამი ქულის აღებაა”.
ტომაშ სოუჩეკი: “პირველ რიგში ვიტყვი, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთან ძალიან საინტერესო მატჩი გვქონდა, ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს ასეთივე დადებთი მოლოდინი მაქვს და გვსურს სამი ქულა ავიღოთ. საქართველოში ძალიან კარგი ატმოსფეროა და კარგი სტადიონიც გაქვთ. ვიცი, რომ თქვენს ნაკრებს ძალიან კარგი გულშემატკივრები ჰყავს და ბილეთებიც სრულად, ძალიან მალე გაიყიდა. ხვალ კარგ შეხვედრას ველოდები.
დიახ, ევროზე საქართველოს წინააღმდეგ ბევრი კარგი მომენტი გვქონდა და მოგებაც გვინდოდა, თუმცა ეს ფეხბურთია და შედეგი სხვანაირი დადგა. საქართველო კონტრშეტევებზე ძალიან მრისხანე გუნდია და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ.
შაბათს მაქსიმალურად დავიხარჯებით, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ. ჩვენ ახალი მიზნები გვაქვს. რაც შეეხება ჩვენს გულშემატკივრებს – ისინი საქართველოში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდნენ და ხვალ ჩვენს გვერდით იქნებიან.
“მამარდაშვილს ძალიან ვაფასებ. იგი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე იყო და ნამდვილად იმსახურებდა ლივერპულში ტრანსფერს. ვიცი, რომ ის პროფესიონალია და ეს ჩვენს წინააღმდეგაც წარმოაჩინა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ჩეხეთის ნაკრებს უფრო დიდი შანსი აქვს და 3 ქულა ჩვენ დაგვრჩება.”
საქართველო-ჩეხეთის დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.