საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ერთა ლიგის B ლიგის პირველ ჯგუფში ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთთან ძალიან რთულ მატჩს ელოდება. მან ამის შესახებ დღეს საგურამოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გურამ კაშია: “ვფიქრობ, რაღაც ისეთი გარემოა გულშემატკივრებში, ყველა კმაყოფილია და ხანდახან ასეთი კმაყოფილიც არ უნდა იყო. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ევრო ჩავატარეთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ჯგუფი ძალიან რთული იქნება და ზედმეტად თავდაჯერებულებიც არ უნდა ვიყოთ. პირიქით, ეს წარმატება გვერდით უნდა გადავდოთ და ეს შესარჩევი ახალი მუხტით ვითამაშოთ. ადვილად ვერცერთ თამაშს ვერ მოვიგებთ. ხანდახან, როცა მეგობრებს ვესაუბრები, ყველას ჰგონია, რომ ჩვენ ტოპ გუნდი ვართ და ჩეხეთს მარტივად უნდა მოვუგოთ. არა, რატომ უნდა მოვუგოთ მარტივად?”
ყოველი ოცნების შემდეგ ახალი ოცნება გაქვს და ჩემთვის მსოფლიოზე მოხვედრა საოცრება იქნება. ჩვენს გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და ეს პოტენციალი ბოლომდე უნდა ვაჩვენოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ, თუმცა მსოფლიომდე დიდი გზაა.
“მესხზე” ბოლოს კვიპროსთან ვითამაშეთ. ჩემთვის “დინამო არენაზე” თამაში უმჯობესია. უმთავრესი მაინც ის ფაქტორია, რომ სავსე სტადიონი იყოს. გულშემატკივრისგან ეს მუხტი უნდა მივიღოთ, სამწუხაროა, რომ დინამოზე ვერ ვთამაშობთ, თუმცა ნახევრად სავსე დინამო არ იქნებოდა კარგი.
ჩეხეთი ფიზიკურად ძლიერია და ევროზეც სწორედ ამ ასპექტში გაგვიჭირდა – ძალიან ბევრი მომენტი შეგვიქმნეს. ხვალ დაცვას რთული მატჩი გველის, ბევრი ორთაბრძოლა უნდა მოვიგოთ. წნეხს არ ვგრძნობთ. ისე, ხანდახან წნეხი უკეთესია, ახლა კი ყველანი ბედნიერები ვართ. სწორედ ამიტომ ვთქვი, ცოტახნით ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, ეს ზეიმი, ეს ზაფხული და ახლა უფრო მეტი წნეხი გვჭირდება, რომ ფეხბურთზე გადმოვერთოთ”.
საქართველო-ჩეხეთის დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
