სვენ გორან ერიქსონი გარდაიცვალა

0
52

ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, შვედი საფეხბურთო სპეციალისტი სვენ გორან ერიქსონი გარდაიცვალა, – ამის შესახებ BBC იუწყება. იანვარში 76 წლის სკანდინავმა რადიოსადგურ P1-თან საუბრისას განაცხადა, რომ მას პანკრეასის ტერმინალური კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და სიცოცხლის მაქსიმუმ ერთი წელიწადი დარჩა. მწვრთნელის გარდაცვალება მისმა ოჯახმა დაადასტურა.
ერიქსონი ინგლისის ნაკრებს 2001-2006 წლებში წვრთნიდა, როცა „სამ ლომს“ „ოქროს თაობა“: დევიდ ბექჰემი, სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლამპარდი და უეინ რუნი ჰყავდა.
ერიქსონის ბოლო სამუშაო ადგილი შვედური „კარლსტადი“ გახლდათ, სადაც ის სპორტულ დირექტორად მსახურობდა. მთავარი მწვრთნელის რანგში, ინგლისის ნაკრების გარდა სპეციალისტი მუშაობდა „გიოტებორგში”, „რომაში,“ „ფიორენტინაში,“ „ბენფიკაში,“ „სამპდორიაში,“ „ლაციოში,“ „მანჩესტერ სიტიში,“ „ლესტერში“ და მექსიკის, კოტ დ’ივუარისა და ფილიპინების ნაკრებებში.