გორის “დილაში” პორტუგალიელი ფრანსისკუ კაშტრუს დანიშვნის შემდეგ, გუნდმა საუკეთესსო შეხვედრა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ცენტრალურ მატჩში სტუმრად ქუთაისის “ტორპედოსთან” ჩაატარა. ამის საპირისპიროდ შოტლანდიელი სტივ კინის მოღვაწეობის პერიოდში ტორპედოელებმა ყველაზე ცუდად ითამაშეს, რაც ტაბლოზეც აისახა – 1:5. “ტორპედოს” ასეთ განადგურებას ნაკლებად ვინმე ელოდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა.
“დილა” მე-5 წუთზე დაწინაურდა, როდესაც ანტონიო ლოპესის გადაცემის მერე, შოთა შეყილაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტად დაარტყა – 0:1. მე-13 წუთზე ბიორნ იონსენს ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი ცუდად შეასრულა და დავით კერესელიძემ ბურთი ხელებში “გააქვავა”. “დილას” კარში ამ სეზონში 6 პენალტი დაინიშნა და კერესელიძემ 4 მოიგერია. მე-17 წუთზე “ტორპედოს” სასარგებლოდ მსაჯმა კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დადო და ამჯერად იონსენმა გაიტანა – 1:1.
მე-19 წუთზე მამადუ სახო თავის საჯარიმოსთან ბურთის ტარებით გაერთო და საბოლოოდ დაკარგა, ხოლო ტაირელ ვაუტერის მიერ კარის გასწვრივ გაკეთებელი გადაცემა ზუსტი დარტყმით აბუბაქარ კონტემ დაასრულა – 1:2. 70-ე წუთზე ქუთაისელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ტაირელ ვაუტერმა პასი გააკეთა და ქუთაისელთა კაპიტანმა მერაბ გიგაურმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა – 1:3.
82-ე წუთზე “ტორპედოს” საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა იბრაჰიმა დრამემ კარის შორეულ ძელთან ტაირელ ვაუტერი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 1:4. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მეორე წუთზე ნოდარ ლომინაძემ კარგი პასით მეტოქის ნახევარზე ზურაბ რუხაძემ მოძებნა, რომელიც საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და საბოლოო წერტილი დასვა – 1:5.
“დილა” 47 ქულით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლიდერია, ხოლო “ტორპედო” 41 ქულით მეორეა, მაგრამ ერთი თამაშით ნაკლები აქვს.
ლაშა თაბაგარი





