საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მერვედფინალში დაასრულა, სადაც კიოლნის სტადიონზე, ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა. მიუხედავად წაგებისა, სადებიუტო ასპარეზობა ევროსარბიელზე მთელი ქვეყნისთვის დიდი ზეიმის მიზეზად იქცა. ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ალბათ ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვინც გულმხურვალედ არ ქომაგობდა “ჯვაროსნებს” ამ ბრძოლაში.
საფეხბურთო კლუბ „იბერია 1999-ის“ (ყოდილი “საბურთალო”) აღზრდილმა 6-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ისტორიული დღეების შექმნაში :გიორგი გოჩოლეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ლაშა დვალი, ჯემალ ტაბიძე. ჩამოთვლითაგან მხოლოდ მამუჩაშვილი არ იმყოფებოდა გერმანიაში.
სანდრო ალთუნაშვილმა საფეხბურთო კარიერა ,,საბურთალოს” (ამჟამად “იბერია 1999”) აკადემიაში დაიწყო. თბილისური კლუბის მაისურით ეროვნულ ლიგაში 143 მატჩი ჩაატარა და 5 გოლიც შეაგდო. ,,იბერია 1999-ის” რიგებში 2018 წელს ქვეყნის ჩემპიონობაც მოიპოვა, ასევე საქართველოს თასსა და სუპერთასს დაეუფლა. ალთუნაშვილი “იბერია 1999”-ის პრესსამსახურსა ესაუბრა.
– სანდრო, პირველ ყოვლისა, რომ გვითხრა რას გრძნობ, როდესაც ხარ ისეთი ისტორიული მოვლენის მონაწილე, როგორიცაა ევროსარბიელზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ასპარეზობა და ქართული ჰიმნის პირველად გაჟღერება?
– რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, ისევე, როგორც თითოეული ქართველი, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ევროპის ჩემპიონატზე თამაში და საქართველოს ჰიმნის პირველად გაჟღერება ევროასპარეზზე. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი. საქართველოს ჰიმნის მოსმენა ყოველთვის დამატებითი სტიმულის მომცემია, ევროპის ჩემპიონატზე კი, ემოციები და პასუხისმგებლობა გაასმაგებული იყო არამხოლოდ ჩემთვის, არამედ თითოეული მოთამაშისთვის. ბედნიერი ვარ, რომ გავახარეთ ქართველი ხალხი და ბევრს გავაცანით ჩვენი ქვეყანა.
– საბრძოლო განწყობა ნამდვილად იგრძნობოდა მოედანზე, როგორ ემზადებოდით ბიჭები ამ მნიშვნელოვანი მატჩებისთვის?
– საბრძოლო განწყობა გვქონდა ყოველი თამაშის წინ. ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებულად ვემზადებოდით. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ყველას გვქონდა გააზრებული თუ როგორი მნიშვნელობის თამაშები გველოდებოდ. თითოეულმა მოთამაშემ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ვფიქრობ, ერთიანობით, ერთმანეთის გვერდით დგომით, საქმისადმი სწორი მიდგომით ამ შედეგს მივაღწიეთ, რაც ძალიან სასიხარულოა. ბევრი, ალბათ, არც ელოდა ჩვენგან ასეთ თამაშს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შედეგიც გაუმჯობესდება. პირადად მეც და ჩემი თანაგუნდელებიც ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ აქ გაჩერებას და გვინდა მსოფლიოზე თამაში 2026-ში. იგივე საბრძოლო განწყობით ვიქნებით მომავალ შესარჩევშიც.
– მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრების ასეთი დახვედრა პროგნოზირებადი იყო, სახალხო ზეიმმა მგონი ყველა მოლოდინს გადააჭარბა. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, ფეხბურთულებისთვის, გულშემატკივრის მხარდაჭერა?
-გულშემატკივრების დახვედრას რაც შეეხება, სასწაული ემოციები მივიღეთ. ამდენი გახარებული ადამიანი ერთად მე პირადად არასდროს მინახავს. საოცარი ემოციები ტრიალებდა რუსთაველის ქუჩაზე და სწორედ მანდ მივხვდი, თუ რა შეუძლია ფეხბურთს. დავრწმუნდი, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ძალიან მიყვარს და რითაც, შემიძლია, გავახარო ჩვენი გულშემატკივრები.
– ეროვნული ნაკრების თითოეული წევრი დარწმუნებული ვარ გრძნობთ იმ სიყვარულს, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი არ იშურებს თქვენთვის. განსაკუთრებით მომავალი თაობა, რომლისთვისაც მისაბაძი მაგალითი ხართ, რას ეტყოდით მათ?
– მიხარია, რომ ის, რაც შეუძლებელი გვეგონა, ჩვენ შევძელით. ვფიქრობ, რომ ეს დიდი მოტივაცია იქნება ახალგაზრდა თაობისთვის. ჩვენს პატარა გულშემატკივრებს ვეტყოდი, რომ თავიანთ ოცნებებს შრომით, მოთმინებით და საქმისადმი სწორი მიდგომით აუცილებლად მიაღწევენ და ვურჩევდი, რომ არ დანებდნენ არასდროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია მიზნის მისაღწევად.
– სანდრო, რომ გავიხსენოთ შენი სათამაშო ისტორია, რომელიც საფეხბურთო კლუბ ,,საბურთალოში“ (ამჟამად “იბერია 1999”) დაიწყო…
– ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს ფეხბურთელის განვითარებას, ,,საბურთალოში“ გავატარე. ბედნიერი ვარ, რომ ეს აკადემია მაქვს გავლილი, რადგან მუშაობენ პროფესიონალი მწვრთნელები, რომლებმაც იციან საქმისადმი და ფეხბურთელებთან სწორი მიდგომა.
ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი დამსახურებაა ამ აკადემიის, რომ მე დღეს აქ ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც მუშაობდა ჩემთან ერთად და წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში.
– როგორ მოგილოცეს თანაგუნდელებმა “ვოლფსბერგერიდან” ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატება და როდის ბრუნდები ავსტრიაში?
– ჩემი გუნდიდან, რა თქმა უნდა, მომილოცეს. ბევრს წარმოუდგენელი ეგონა ჩვენი ჯგუფიდან გასვლა, მაგრამ ყველას გაუხარდა. ძალიან მოწონდათ ჩვენი ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე. მიხარია, რომ მთელ მსოფლიოს ვაჩენეთ თუ როგორ ფეხბურთს თამაშობს საქართველო და გავიტანეთ ჩვენი სახელი საქართველოს ფარგლებს გარეთ. ახლა 2-კვირიანი დასვენება მაქვს და 16 ივლისიდან განვაახლებ ვარჯიშს გუნდთან ერთად.




