ბერგამოს „ატალანტას“ მთავარი მწვრთნელის ჯან პიერო გასპერინის განცხადებით, მისი გუნდის ევროპა ლიგის ფინალში გასვლა დაუჯერებელი მოვლენაა. მან ამის შესახებ ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში შინ „მარსელთან“ 3:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ბევრ მატჩს ვატარებთ და ყოველთვის კარგად თამაში იოლი არაა. ზოგიერთ მატჩში რთული ბრძოლის გადატანა გვიწევს, მაგრამ განვლილ შეხვედრაში საუცხოო გამარჯვებას მივაღწიეთ.
მე უკვე ვთქვი, რომ მთელი ქალაქი როდესაც გულში გიკრავს, მოთამაშეები ენერგიულები და ემოციურები ხდებიან. ეს განსაკუთრებული მატჩი იყო, რომელშიც ფეხბურთელებმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.
ვფიქრობ, ფინალი ისტორიული მოვლენა იქნება, მით უმეტეს ჩვენნაირი კლუბისთვის ეს უბრალოდ დაუჯერებელია, მაგრამ წარმატების საწინდარია. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ სუპერლიგის შექმნა აუცილებელია, მაგრამ „ატალანტას“ მაგალითი იმედს გვისახავს.
ფეხბურთი ეს მეროტიკრატიაა (მართვის პრინციპი, რომლის თანახმად ხელმძღვანელი თანამდებობები უნდა დაიკავონ უფრო ნიჭიერმა ადამიანებმა, მათი სოციალური და ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, რედ.). სწორედ ამიტომაა ეს თამაში საოცარი და არა იმის გამო, რომ თქვენ რამე გენეტიკური უფლება მიიღეთ თქვენი წარმომავლობიდან გამომდინარე“ – იუწყება იტალიური მედია გასპერინის სიტყვებს, რომელმაც „ატალანტა“ არსებობის ისტორიაში პირველად ევროთასის ფინალში გაიყვანა.
ლაშა თაბაგარი




