კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურმა სტარტი წყალტუბოში აიღო, სადაც 26 მაისის სახელობის სტადიონზე დაბრუნებულმა “სამგურალმა” მოქმედ ჩემპიონ ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. 75-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ბათუმელმა ფეხბურთელმა პასი მეტოქის საჯარიმოში გააკეთა, სადაც მცველმა ნიკა კალანდარიშვილმა ხელით ითამაშა და მთავარმა მსაჯმა ბაკურ ნინუამ ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, პენალტი დანიშნა. ვლადიმერ მამუჩაშვილმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 0:1. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი ბათუმელები 26 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან. მიხეილ აშვეთიას ხელმძღვანელობით “სამგურალმა” 9 ქულა დააგროვა და ბოლოსწინაა.
სამგურალი 0:1 დინამო ბთ
გიორგი ონიანის თავკაცობით “გაგრამ” ფოთის “კოლხეთი” მიიღო და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. მასპინძლებიდან მე-40 წუთზე ანგარიში გიორგი ლომთაძემ გახსნა, რომელმაც პენალტი გოლად აქცია. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე განელმა დენის ამოაკომ საბოლოო წერტილი დასვა.
“კოლხეთს”, რომელსაც კლიმენტი წიტაიშვილი ხელმძღვანელობს 13 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზეა, ხოლო “გაგრა” 10 ქულით მეცხრეა.
გაგრა 2:0 კოლხეთი 1913
ლაშა თაბაგარი





