„ატლანტა იუნაიტედი“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, MLS-ში ზედიზედ სამი ტურია ვერ იგებს. ორი ფრის შემდეგ, ამჯერად ატლანტელები შინ „ცინცინატთან“ 1:2 დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლები 59-ე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ ჯერ 62-ე, ხოლო შემდეგ 64-ე წუთზე გოლები გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ. აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მან ეს წოდება ბოლო 5 შეხვედრაში მესამედ მიიღო. „ატლანტა იუნაიტედი“ 11 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა.
იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში „ტორინომ“ „ფროზინონე“ მიიღო და გუნდები ერთმანეთს გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ. მასპინძლების განაცხადში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი საბა საზონოვი არ იყო. ჩვენი 21-წლამდელთა ფორვარდი გიორგი კვერნაძე „ფროზინონეს“ თადარიგში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია. „ტორინო“ 46 ქულით 20 გუნდში მეათეა, ხოლო „ფროზინონე“ 28 ქულით – მე-18.
ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელმაც სლოვაკეთის ჩემპიონობა ნაადრევად გაინაღდა, სტუმრად ტრნავის „სპარტაკი“ 2:1 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ გამარჯვებულებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ჯაბა კანკავა განაცხადში არ იყო.
რუმინეთის ჩემპიონატში „უნივერისტატიამ“ გასვლაზე „სეპსის“ 3:1 სძლია. სტუმრებში ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა ორი ტაიმი ითამაშა. „უნივერსიტატია“ 34 ქულით ზედა ექვსეულში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





