„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, ინგლისის ჩემპიონშიფში 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. 43-ე ტურში უოტფორდელები „საუთჰემპტონს“ ესტუმრნენ და ბოლო წუთზე დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. ჩაკვეტაძის გუნდი პირველი ტაიმის მე-20 წუთისთვის 0:2 აგებდა, მაგრამ ერთი საპასუხო ბურთი შესვენებამდე გაიტანა, ხოლო 86-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. „საუთჰემპტონმა“ გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-9 წუთზე შეაგდო. „უოტფორდი“ 53 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 29-ე ტურში „კარლსრუე“ „პადერბორნს“ ეწვია და გუნდებმა ქულები გაიყვეს. მასპინძლები 21-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 26-ე წუთზე გაიტანეს. „კარლსრუეს“ განაცხადში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე არ იყო. მას ვირუსი შეეყარა და ამის გამო არ უთამაშია. „კარლსრუე“ 43 ქულით 18 გუნდში მეშვიდეა.
იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში „ემპოლიმ“ გასვლაზე „ლეჩესთან“ 0;1 წააგო. სტუმართა განაცხადში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე დამარცხებულთა განაცხადშის ისევ მოხვდა, მაგრამ არც ამჯერად ათამაშეს. „ემპოლი“ 28 ქულით 20 გუნდში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





