გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში დუბლი ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა. 29-ე ტურში „მეცმა“ „ლანსი“ მიიღო და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის წყალობით გაიმარჯვა.
„ლანსი“ მე-13 წუთზე სოტოკამ დააწინაურა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა. 34-ე წუთზე მიქაუტაძემ მეტოქის საჯარიმოში ერთი მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და „ცაციათი“ ბურთი „ცხრიანში“ გაიტანა – 1:1. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე „მეცმა“ სტუმრები მათ საჯარიმოსთან „მიაპრესინგა“ და შეცდომა დააშვებინა, ხოლო ნდორამის პასის მერე, მიქაუტაძემ წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 2:1. გასაკვირი არაა, რომ მიქაუტაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
23 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში „მეცის“ მაისურით საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ 15 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მან სეზონი ამსტერდამის „აიაქსში“ დაიწყო, რომელმაც ზამთარში „მეცში“ გაანათხოვრა. „მეცი“ 26 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.
ირანის ჩემპიონატის 23-ე ტურში „პერსეპოლისმა“ შინ „მალავანი“ 1:0 დაამარცხა. მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გიორგი გველესიანმა შეუცვლელად ითამაშა. „პერსეპოლისი“ 49 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზე და ლიდერ „ესტეღლალს“ ქულით ჩამორჩება.
რუმინეთის ჩემპიონატის ზედა ექვსეულში „უნივერსიტატია“ თავის მოედანზე „ფარულთან“ 1:2 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი მასპინძლების სასტარტოში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. „უნივერსიტატია“ 31 ქულით მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





