კვარაცხელიას საგოლე პასი – „ნაპოლიმ“ სტუმრად მოიგო

0
36

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში საბერძნეთთან მიღებული საზარდულის ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში სტუმრად „მონცასთან“ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი ითამაშა.
მატჩის მე-9 წუთზე მეტოქის ნახევარზე მარცხენა ფლანგზე ბურთი ძერბინმა მიიღო და ნეაპოლელთა საჯარიმოში ზუსტი პასი ჯურიჩს გაუკეთა, რომელმაც თავით აუღებლად დაარტყა – 1:0.
მე-17 წუთზე „ნაპოლიმ“ კუთხური ჩააწოდა და მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობის მერე, ბურთი დი ლორენცოს დარჩა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან კარს ააცილა.
მე-40 წუთზე „მონცას“ მეკარემ, ვისაც ხელს ოსიმენი უშლიდა ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც საჯარიმოში მყოფ კვარაცხელიას მიუვიდა და მისი დარტყმული დი გრეგორიამ გაანეიტრალა, მაგრამ ბურთი ისევ ხვიჩას მიუვიდა, რომლის პასი არაზუსტი არმოჩნდა. ტაიმის მიწურულს კვარაცხელია ერთ მეტოქეს გაცდა და “მონცას“ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად, თუმცა, არაზუსტად დაარტყა.
55-ე წუთზე ნეაპოლელებმა მარჯვენა ფრთიდან შეუტიეს და ანგისამ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ოსიმენი ფაქტობრივად თავზე გადაახტა მცველ იცუს, რასაც თავით ეფექტური გოლი მიაყოლა – 1:1. ორ წუთში კვარაცხელიას პასის მერე ზელინსკის დარტყმული ბურთი ფეხში მასპინძლების მცველს მოხვდა და უკან გადმოვარდა საჯარიმოს სიახლოვეს მდგომ პოლიტანოსკენ, რომელმაც მიწაზე დაუშვებლად დაარტყა – ბურთი მეკარისგან მარცხენა „ცხრიანში“ შევარდა 1:2.
61-ე წუთზე კვარაცხელიას დარტყმული მცველმა დაბლოკა, მაგრამ ბურთი ისევ ქართველს მიუვიდა, რომლის გადაცემის შემდეგ ზელინსკიმ დაახლოებით 22 მეტრიდან ლამაზი გოლი გაიტანა – 1:3.
კვარაცხელიამ ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში მე-5 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ყველა ტურნირების გათვალისწინებით მეექვსე. გარდა ამისა, მან 10 გოლი გაიტანა. „მონცამ“ ანგარიში 62-ე წუთზე ერთ ბურთამდე შეამცირა, როდესაც კოლპანიმ საჯარიმოს გარედან კარგად დაარტყა და მერეტი უძლური აღმოჩნდა – 2:3. 69-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი დი ლორენცოს დარტყმული ბურთი “მონცას“ მეკარემ მოიგერია, მაგრამ კვარარცხელიას ნაცვლად მოედანზე რამდენიმე წამით ადრე შესულმა რასპადორიმ ანგარიშში სხვაობა ისევ ორ ბურთამდე გაზარდა.  „ნაპოლის“ 48 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.

ლაშა თაბაგარი