იური ტაბატაძემ სლოვაკეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა. გათამაშების აუტსაიდერ „ზლატე მორავცე“, სადაც ტაბატაძის გარდა გიორგი ჯინჯოლავა და ლევან ნონიკაშვილი გამოდიან, სტუმრად „სკალიცასთან“ 1:4 დამარცხდა. ტაბატაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. ის 76-ე წუთზე შეცვალეს. ჯინჯოლავამ ორი ტაიმი ითამაშა, ხოლო ნონიკაშვილმა მოედანი 81-ე წუთზე დატოვა. შეგახსენებთ, რომ სამი ქართველი ფეხბურთელი „ზლატე მორავცეში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე თბილისის „იბერიამ“ გაანათხოვრა. „ზლატე მორავცე“ 5 ქულით ქვედა ექვსეულში ბოლო ადგილზეა.
ინგლისის ჩემპიონშიფის 41-ე ტურში „უოტფორდმა“ „პრესტონს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მასპინძლების სასტარტოში ვერ მოხვდა და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო. „უოტფორდი“ 51 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ავსტრიის ბუნდესლიგის ქვედა ექვსეულში მყოფი „ვოლფსბერგერი“ გასვლაზე „ბლაუ -ვაისს“ დაუპირისპირდა და უგოლო ფრე დაფიქსირდა. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა სანდრო ალთუნაშვილმა სასტარტოში ითამაშა და 68-ე წუთზე შეცვალეს.
შვეიცარიის სუპერლიგის 31-ე ტურში „ბაზელი“ გასვლაზე „ლოზანას“ შეხვდა და 2:0 გაიმარჯვეს. 18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გაბრიელ სიგუამ სტუმრებში 66-ე წუთიდან ითამაშა. „ბაზელი“ 36 ქულით 12 გუნდში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი





