ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში იტალიის სერია A-ში თავისი მე-10 გოლი გაიტანა. მან ეს 28-ე ტურში „ტორინოსთან“ საშინაო მატჩში შეძლო. ხვიჩამ თავი ზედიზედ მესამე თამაშში გამოიჩინა. ამრიგად, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა იტალიის ჩემპიონატში გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგი გაიმეორა.
შეხვედრის მე-14 წუთზე პოლიტანომ მეტოქის ნახევარზე ჩაჭრა ბურთი და პასი არ დაუგვიანა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილ კვარაცხელიას, რომლის დარტყმული ხელსაყრელი პოზიციიდან სტუმართა მეკარემ გაანეიტრალა. 28-ე წუთზე ნეაპოლელი მცველების შეცდომით კარგად ისარგებლა დუვან საპატამ, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან სახიფათოდ დაარტყა და მერეტმა თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან გადაარჩინა. 41-ე წუთზე მასპინძლების კონტრშეტევის დროს კვარაცხელია შეეცადა თავისი ნახევრიდან ბურთ თავს ზემოთ გადაეგდო წინ გამოსული მილენკოვიჩ-სავიჩისთვის, მაგრამ ძალიან არაზუსტად დაარტყა. ამ ეპიზოდიდან ორ წუთში პოლიტანოს პასის მერე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა კვარაცხელიამ თავით ვარდნაში დაარტყა და მეკარემ ბურთი კუთხურზე უკუაგდო.
62-ე წუთზე კვარაცხელიამ მარცხენა ფლამგზე შეტევა წამოიწყო და ბურთი მარიო რუის გადააწოდა, რის შემდეგ საჯარიმოში გაიხსნა, ხოლო პორტუგალიელის საპასუხო გადაცემის მერე ვარდნაში ერთი შეხებით დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
64-ე წუთზე ტურინელებმა კუთხური ჩააწოდეს და „ნაპოლის“ საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა კარისკენ ზურგით მდგომმა სანაბრიამ, რომელმაც „მაკრატელათი“ ეფექტური გოლი გაიტანა – 1:1.
76-ე წუთზე თამაშში საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი საბა საზონოვი ჩაერთო. ერთ წუთში ოსიმენმა კარის ახლოდან მარჯვენა მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა და მილენკოვიჩ-სავიჩმა ბურთი კუთხურზე უკუაგდო. 86-ე წუთზე კვარაცხელია ერთ მცველს გაცდა და სტუმართა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა – მილენკოვიჩ-სავიჩმა „ტორინო“ გოლის გაშვებისგან კიდევ ერთხელ გადაარჩინა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე კვარაცხელია სტუმართა კარს შორი მანძილიდან დაემუქრა და ისევ მილენკოვიჩ-სავიჩმა იყოჩაღა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ქართველმა ისევ შეუტია და გოლის გასატანად ცოტა დააკლდა. “ნაპოლი” 44 ქულით მე-7 ადგილზე დარჩა, ხოლო “ტორინო” 38 ქულით მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





