კახა ცხადაძისთვის აზერბაიჯანის პრემიერლიგაში დაბრუნება ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით „გაბალა” ამჯერად თავის მოედანზე „საბაილთან“ 2:3 დამარცხდა. არადა, მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. თუმცა, შესვენებამდე 5 წუთით ადრე ფეხბურთელი გაუძევეს და მოედანზე 10 კაცით დარჩენილებმა მეორე ტაიმში 3 ბურთი გაუშვეს. „გაბალა“ 15 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა და მე-9 პოზიციაზე მყოფ „ქიაფაზს“ 11 ქულით ჩამორჩება.
უკრაინის პრემიერლიგის მე-19 ტურში დონეცკის „შახტარმა“ „კრივბასი“ მიიღო და 5:2 დაამარცხა. მასპინძლების რიგებში ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა ირაკლი აზაროვმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა, გიორგი გოჩოლეიშვილი და ლუკა ლაცაბიძე სათადარიგოთა სკამზე დატოვეს. მოქმედი ჩემპიონი „შახტარი“ 35 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა და ლიდერ „დნიპრო 1“-ს 3 ქულით ჩამორჩება.
იტალიის სერია B-ს 28-ე ტურში “კრემონეზემ” გასვლაზე “მოდენას” 1:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი კრემონელთა თადარიგში იყო და არ უთამაშია. “კრემონეზე” 53 ქულით 20 გუნდში მეორეა.
ლაშა თაბაგარი





