ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში მილანის „ინტერმა“ მადრიდის „ატლეტიკო“ მიიღო და დაძაბულ ორთაბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის, 1990 ნლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი გოლის ავტორ ანდრეს ბრემეს, რომელიც 63 წლის ასაკში გულის შეტევიდ გარდაიცვალა. ის „ინტერში“ 1988-1992 წლებში თამაშობდა.
განვლილ შეხვედრაში ძალიან ცოტა საგოლე მომენტი შეიქმნა და ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ დაპირისპირების ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძელთა ფრანგი ფორვარდი მარკუს ტურამი დაშავდა და მის ნაცვლად შესვენების შემდეგ თამაშში მარკო არნაუტოვიჩი ჩაერთო. ავსტრიის ეროვნული ნაკრების ფორვარდს მეორე ტაიმის შუაწელში ანგარიშის გახსნის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მეტოქის კართან ახლოს მყოფმა ვარდნაში არაზუსტად დაარტყა. 79-ე წუთზე „ატლეტიკოს“ მეკარესთან პირისპირ გასული ლაუტარო მარტინესის დარტყმული ბურთი იან ობლაკმა კი მოიგერია, მაგრამ არნაუტოვიჩმა მარცხენა მახვილი კუთხიდან ზუსტად დაამატა – 1:0. „ინტერს“ ეს ანგარიში ესპანეთში გასამართ საპასუხო მატჩში რამდენად ეყოფა რთულია სათქმელია, რადგან „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ დიეგო სიმეონეს შეგირდებს ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ.
იტალიის ჩემპიონატის ლიდერმა ყველა ტურნირში ზედიზედ 9 თამაში 2021 წლის შემდეგ პირველად მოიგო. “ატლეტიკომ” ბოლო 4 თამაშიდან 3 ანგარიში 0:1 წააგო. არგენტინელმა სიმეონემ “ატლეტიკოს” თავკაცის რანგში ჩემპიონთა ლიგაში მე-100 შეხვედრა ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი





