ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატში პსვ-მ დორტმუნდის „ბორუსია“ მიიღო და დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
შეხვედრის 24-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა მალენმა მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ჯერ ზედა ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ კარში შევარდა – გოლი ძალიან ლამაზი აღმოჩნდა. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.
პსვ მარცხისგან გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ლუკ დე იონგმა იხსნა. 56-ე წუთზე დორტმუნდელთა მცველმა მათს ჰუმელსმა თავის საჯარინოში ტილმანი წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი დე იონგმა გამოიყენა – 1:1.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
ლაშა თაბაგარი





