მიუნხენის „ბაიერნი“ ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველ ერიკ დაიერს შეუთანხმდა და ინგლისელი ფეხბურთელი უახლოეს ხანში ბავარიელებს შეუერთდება. ამის შესახებ ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი იუწყება.
ინგლისის ეროვნული გუნდის უკანახაზელი „ბაიერნთან“ კონტრაქტს 2025 წლის ივნისამდე გააფორმებს. მის სანაცვლოდ „ტოტენჰემი“ 5 მილიონ ევრომდე მიიღებს.
მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი დაიერს უკვე ესაუბრა და დაუდასტურა, რომ ისევ ცენტრალურ მცველად ათამაშებს, მაგრამ ზოგჯერ გამორიცხული არაა ნახევარდაცვაში დამატებით დაცვითი ფუნქციების შესრულება დაავალოს.
დაიერი „ტოტენჰემში“ 2014 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 365 მატჩში 13 გოლი გაიტანა. მან ინგლისის ნაკრებში 49-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





