კობიაშვილი: “მომხდარს არანაირი ახსნა არ აქვს და მომავალზე უნდა ვიფიქროთ”

0
119

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციის შესახებ კომენტარი გააკეთა. კვარაცხელიამ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ბოლო სამ მატჩში სამი ყვითელი ბარათი მიიღო და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის ნახევარფინალში 21 მარტს საქართველოს ნაკრებს თბილისში ლუქსემბურგთან გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
“ცხადია, ძალიან დიდი და უხეში შეცდომა მოხდა და ამაზე ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ვწუხვართ. ხვიჩა განსაკუთრებული ფეხბურთელია და მისი არყოფნა დიდი დანაკლისია. ცუდი ფაქტია, რაც ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული, მაგრამ ამას ვეღარაფერს ვუშველით.
ახლა, ჩემი აზრით, მთავარია, 21 მარტს ჩასატარებელი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მოვემზადოთ. აქამდე ერთიანობით მოვედით, ყველამ ერთად დავიმსახურეთ და შევქმენით ის ფაქტი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი უნდა ჩავატაროთ. მეორედ გვეძლევა შანსი, მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე.დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისეთი ძლიერი და მობილიზებული გუნდი გვყავს, რომ 21 მარტის შეხვედრაში გამარჯვებას შეძლებს.
მომხდარს არანაირი ახსნა არ აქვს და არც უნდა მომხდარიყო, თუმცა მოხდა და ამას ვეღარ შევცვლით. ამიტომ დღეს ჩვენთვის მთავარია, ვიფიქროთ მომავალზე – რამდენიმე თვეში ასეთი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და ზუსტად ეს ერთიანობა გვჭირდება დღეს, რომ 21 მარტის მატჩამდე მომზადებულნი მივიდეთ“ – თქვა კობიაშვილმა.
ლაშა თაბაგარი