გიორგი კაციტაძე: “ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები შეცდომაში შევიყვანე”

0
36

საქართველოს ეროვნული ნაკრების მენეჯერმა გიორგი კაციტაძემ ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციის გამო მოიბოდიშა.
გიორგი კაციტაძე: “პირველ ყოვლისა ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს ჩემი შეცდომისთვის და არ შემეძლო, პირადად არ მეთქვა ეს საჯაროდ. 2011 წლიდან დღემდე, რაც ეროვნული გუნდების სტრუქტურაში ვმუშაობ, პირველად და ყველაზე მნიშვნელოვან დროს დავუშვი ისეთი შეცდომა, რის გამოც თავს საშინლად ვგრძნობ და რეალობად მიღება ახლაც მიჭირს.
იმდენად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე ყველა ყვითელი ბარათი უქმდებოდა, რომ ყველა ჩემს სისწორეში დავარწმუნე. არადა, არაერთხელ მკითხეს. თავის დაზღვევის მიზნით რეგულაციის აღნიშნული პუნქტები არ გადავამოწმე და ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები შეცდომაში შევიყვანე.
ამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დაშვებული შეცდომისთვის პირადად მე ვუხდი ბოდიშს ნაკრების ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე ამ გუნდის წარმატებისთვის თავდაუზოგავად შრომობს.
იმ მიზეზით, რომ ამ მნიშვნელოვან დროს გუნდში არსებულ ერთიანობას ზიანი არ მიადგეს, საერთო გადაწყვეტილებით, გუნდთან ერთად ვრჩები. მზად ვარ, რომ ჩვენს გუნდს მარტის მატჩებში გვერდით დავუდგე და საერთო მიზნის მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანო. ამით ვეცადო იმ შეცდომის გამოსწორებას, რითიც ჩემი გუნდი და ჩემი ქვეყნის ნაკრები დავაზარალე. კიდევ ერთხელ დიდ ბოდიშს გიხდით ყველას და ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო“.
კვარაცხელიამ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ბოლო სამ მატჩში სამი ყვითელი ბარათი მიიღო და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის ნახევარფინალში 21 მარტს საქართველოს ნაკრებს თბილისში ლუქსემბურგთან გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.