კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის პირველი სათამაშო დღის ბოლო მატჩში თბილისის “დინამომ” შინ აუტსაიდერ ქობულეთის შუქურას სძლია. სწრაფი გოლი ვნახეთ, კერძოდ, დინამოელთა კაპიტანმა დავით სხირტლაძემ დაასრულა მრავალსვლიანი კომბინაცია და სეზონში მეათე გოლი გაიტანა.
მე-10 წუთზე გიორგი გოგოლაშვილმა თავურით გაათანაბრა. თუმცა პირველ ტაიმში თბილისელებმა კიდევ ორჯერ მოახერხეს გატანა. ჯერ უსმანე კამარამ ცარიელ კარში შეაგორა ბურთი სხირტლაძის პასის მერე, ტაიმის ბოლო წუთზე კი საბა ხვადაგიანმა ახლოდან დაამატა მეკარის მოგერიებულ ბურთს.
მეორე ნახევარში შუქურამ სხვაობა შეამცირა: ლუკა ნადირაძის კარგი პასით გია აფხაზავა მეკარესთან პირისპირ გავიდა და 3:2. ბოლოს კი სერბმა ზორან მარუშიჩმა მეკარე გოგი კულუას თავზე გადაუგდო ბურთი და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 4:2. მარუშიჩს 14 გოლი აქვს სეზონში, კამარას კი 13.
ამ მოგებით დინამო თბილისმა მეორე ადგილი გაინაღდა. ლიდერ დინამო ბათუმს კი 6 ქულით ჩამორჩება და თან ბათუმელებს თამაში მარაგში აქვთ.
დინამო თბ 4:2 შუქურა




