ლევან ელოშვილმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის რანგით მეორე ლიგაში პირველი საგოლე პასი გააკეთა.
მე-12 ტურში „გრაცერი“, რომელშიც ქართველი თავდამსხმელი გამოდის, სტუმრად „ჰორნს“ შეხვდა და 2:1 აჯობა. ელოშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მე-14 წუთზე მისი ზუსტი გადაცემის მერე შრიებლმა ანგარიში გახსნა. მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი პირველი ტაიმის ბოლოს წუთზე ვიმჰოფერმა გაიტანა. ქართველი ლეგიონერი 63-ე წუთზე შეცვალეს. მას ტრავმოს გამო დიდი დრო გაუცდა და მიმდინარე სეზონში საწყის თერთმეტეულში პირველად მოხვდა. „გრაცერმა“ გაჩინგის მიერ 82-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო.
„გრაცერს“ 31 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონის მე-12 ტურში „დენ ბოში“ გასვლაზე „დორდრეხტთან“ 1:5 განადგურდა. სტუმრების სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი შალვა ოგბაიძე იყო, რომელიც 55-ე წუთზე შეცვალეს. „დორდრეხტმა“ პირველი ტაიმი 3:1 მოიგო, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ ორი ბურთი გაიტანა. „დენ ბოში“ 9 ქულით 20 გუნდს შორის მე-18 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი




