ბათუმის „დინამომ“ ლიდერობა გაიმყარა, “თელავის” მოულოდნელი მარცხი “შუქურასთან”

0
50

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტური სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიხსნა, სადაც ადგილობრივი „სამტრედიამ“ გათამაშების ლიდერ ბათუმის „დინამოს“ ვერ შეეწინააღმდეგა.
უკრაინელი ანდრე დემჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა, როდესაც პაატა ღუდუშაურის პასის მერე, ირაკლი ბიძინაშვილმა ბურთი მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო, ცოტა წინ წაიწია და მეკარისგან მარჯვენა კუთხეში ზუსტად დაარტყა – 0:1.
41-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა მარჯვენა ფრთიდან ცენტრისკენ შეიწია და თითქმის საჯარიმოს ხაზიდან მარცხენა ფეხით ავთანდილ ლაბაძეს იმავე კუთხეში გაუტანა, რომელშიც ბიძინაშვილმა.
53-ე წუთზე მასპინძლების შეტევის დროს, ზვიად ნაჭყებია მარცხენა ფლანგიდან ბურთიანად ცენტრისკენ ისევ შევიდა, რომ ორმა მეტოქემ ხელი ვერ შეუშალა და შორეულ კუთხეში დაარტყა – როინ კვასხვაძის შეცდომის შემდეგ ანგარიშში სხვაობა შემცირდა.
76-ე წუთზე კვასხვაძემ თავისი ნახევრიდან ზუსტი გადაცემა გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში ღუდუშარს, რომელმაც ერთი შეხებით დაამუშავა ბურთი, ხოლო მეორეთი პასი ცოტნე ფაცაციას მისცა, რომელმაც მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა.
ბათუმის „დინამომ“ 67 ქულა დააგროვა და ლიდერობა გაიმყარა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის გაწვრთნილმა „სამტრედიამ“ ზედიზედ მეორე თამაში წააგო და 29 ქულით მერვეა.
სამტრედია 1:3 დინამო ბათუმი 
ბერძენი გეორგიოს კოსტისის ხელმძღვანელობით “თელავმა” ლიგიდან გავარდნილი რეზო ძოძუაშვილის გაწვრთნილი “შუქურა” მიიღო და მოულოდნელად 0;1 წააგო. ქობულეთელებიდან ერთადერთი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე დავით მუჯირმა გაიტანა, რომელმაც გიორგი ჯანელიძის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, კარიდან გამოსულ მეკარეს დაასწრო და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.ამ შემთხვევაში სომეხი გოლკიპერი დავიდ იურჩენკო აშკარად შეცდა.
“თელავი” 34 ქულით მე-7 პოზიციაზეა, ხოლო 4 აპრილის მერე პირველი თამაშის მომგები “შუქურა” 11 ქულით მეათეა.
თელავი 0:1 შუქურა
ლაშა თაბაგარი