თსუ-ს პირველი მოგება ევროტურნირზე

0
53

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თსუ-მ ფიბა ევროპის თასის პირველი ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში კვიპროსის “კერავნოსს” უმასპინძლა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა – 63:60. გერმანიაში ბუნდესლიგის “გიოტინგენთან” დაძაბულ ბრძოლაში წაგების შემდეგ (81:86), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ხუთწლიანი შესვენების შემდეგ ეს იყო პირველი საკალათბურთო ევროტურნირის მატჩი საქართველოში.
თსუ-ს მწვრთნელმა ლექსო ლაფანაშვილმა ლეგიონერების გარეშე დაიწყო – რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ცინცაძე, კახაბერ ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი ტურძილაძე. პირველი ტაიმი, უმთავრესად ბოლოს ჩაგდებული სამქულიანების ხარჯზე, კვიპროსულმა გუნდმა მოიგო – 38:26.
თამაშის შემოსაბრუნებლად საჭირო იყო, პირველ რიგში, დაცვაში მეტი ყურადღება და მეორე – ლიდერი, რომელიც თსუ-ს გაუძღვებოდა და გუნდსაც აიყოლიებდა. ასეთი კალათბურთელი კახა ჯინჭარაძე აღმოჩნდა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში ზედიზედ შვიდი უპასუხო ქულა ჩააგდო. თსუ დაცვაშიც მტკიცედ დადგა და ჩამორჩენაც აღმოფხვრა. მეოთხე პერიოდის დასაწყისში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და იმავე ჯინჭარაძის სამქულიანი ტყორცნით წინაც გავიდნენ 48:47.
ამის შემდეგ შეხვედრის ბოლომდე თსუ-ს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და საბოლოოდ მატჩი ქართველი კალათბურთელების გამარჯვებით დასრულდა – 63:60.
კახა ჯინჭარაძეს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა – 22 ქულა, 9 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელს, რატი ანდრონიკაშვილს 9 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დაუგროვდა. ალექსანდრე ფევაძემ ბურთი ფარიდან 15-ჯერ მოხსნა. პარკეტზე 30 წუთი გაატარა გიორგი ცინცაძემ და თსუ-ს 6 ქულით, 3 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით მიეშველა.
ჯგუფს ორი მოგებით “გიოტინგენი” ლიდერობს, თსუ-სა და “ვარესეს” თითო მოგება-წაგება აქვთ, ხოლო “კერავნოსმა” ორივე შეხვედრა დათმო.
მომდევნო შეხვედრას ქართული გუნდი 2 ნოემბერს ჩრდილოეთ იტალიაში, „ვარესეს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
ლექსო ლაფანაშვილი, თსუ-ის მთავარი მწვრთნელი:
„პირველი ტაიმი ძალიან რთული გამოვიდა. გვაკლდა აგრესია, რის გამოც რიგ ეპიზოდებში მეტოქემ უპირატესობის მოპოვება მოახერხა და 15 ქულითაც დაწინაურდა.
ასეთი სხვაობის გაბათილება კალათბურთში ძალიან რთულია, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში თამაში გამოვასწორეთ და სხვაობაც ნელ-ნელა შევამცირეთ. ამ მომენტში კახა ჯინჭარაძემ ერთმანეთის მიყოლებით არაერთი ქულა ჩააგდო. მან დიდი დახმარება გაგვიწია, ისევე როგორც ყველა სხვა კალათბურთელმა.
თუმცა გამარჯვება გუნდურმა თამაშმა განაპირობა. მეორე ტაიმში მეტი აგრესიით ვიცავდით თავს, მეტი ჩაჭრა გავაკეთეთ და სწრაფი შეტევების საშუალებაც გაგვიჩნდა.
განსაკუთრებული მადლობა თსუ-ს გულშემატკივარს, რომელმაც ბოლომდე ენერგიულად გვიქომაგა და თამაშს დამატებითი ხიბლი შესძინა“.
გიორგი ტურძილაძე, თსუ-ის კალათბურთელი:
„ძალიან დაძაბული მატჩი იყო. პირველ ნახევარში ჩვენი თამაშის პოვნა გაგვიჭირდა. თუმცა მეორე ტაიმში მწვრთნელის მითითებები კარგად შევასრულეთ და დადებითი შედეგიც მივიღეთ. მინდა, მივულოცო ყველას, განსაკუთრებით, გულშემატკივრებს. უმთავრესად სწორედ მათი დამსახურებაა ჩვენი მოგება. მაშინ, როდესაც მეტოქემ დიდი სხვაობით გაგვასწრო, კიდევ უფრო ენერგიულად გვქომაგობდნენ და გამარჯვების ძალა მოგვცეს“.