აზაროვის საგოლე პასი და მარცხი ბარსელონაში

0
27

დონეცკის „შახტარმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდიან, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში სტუმრად „ბარსელონას“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
ქართველი ლეიონერებიდან უკრაინული გუნდის სასტარტოშში მხოლოდ აზაროვი მოხვდა, რომელიც არ შეუცვლიათ. გოჩოლეიშვილს კი ბოლო მატჩებში უკვე მერამდენედ მხოლოდ თადარიგში ყოფნა აკმარეს.
28-ე წუთზე კართან მარტო დარჩენილი ფერმინის დარტყმის შემდეგ ზედა ძელს მოხვდა ბურთი, რომელსაც ფერან ტორესმა ერთი შეხებით კარში ადგილი მიუჩინა. ამ ეპიზოდში ფერმინზე თამაშგარე არ დაფიქსირდა, რადგან აზაროვი „ჩარჩა“.
36-ე წუთზე ფერმინი აზაროვს გაექცა და საჯარიმოს ხაზიდან „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა.
62-ე წუთზე აზაროვმა მარცხენა ფლანგიდან გაკეთებული საუცხოო პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა სუდაკოვი, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „ბარსელონამ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო – 9 ქულით Hჯგუფის ლიდერია. „შახტარი“ 3 ქულით მესამეა და მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს შინ „ბარსასთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი