მამარდას საიმედო თამაში და „ვალენსიას“ მეოთხე მოგება

0
46

გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ლა ლიგაში მაღალ დონეზე მორიგი მატჩი ჩაატარა.
მე-10 ტურში რუბენ ბარახას გაწვრთნილი „ვალენსია“ შინ „კადისს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
შეხვედრის მე-4 წუთზე ანგარიში ხოსე გაიამ გახსნა, რომელიც მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მარცხენა მახვილი კუთხიდან მეკარეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 1:0. აქვე გეტყვით, რომ გაია საბოლოოდ შეხვედრის საუკეთესპ მოთამაშე გახდა.
22-ე წუთზე „კადისი“ მოედანზე 10 კაცით დარჩა, რადგან უხეშობისთვის ხოსე ნავარო გააძევეს.
25-ე წუთზე „ვალენსიას“ კარგი კომბინაციის შემდეგ, კართან ახლოს მდგომი ანხელ კორეა გგოლის გატანას „რაბონათი“ ეცადა, მაგრამ მეკარე ბურთს მიწვდა. თუმა იქვე მდგომმა უგო დურომ თავით დაამატა – 2:0.
შეხვედრის მიწურულს „კადისმა“ სამი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა. ქართველმა გოლკიპერმა ჯერ ხელსაყრელი პოზიციიდან ლუკას პირესის დარტყმული მოიგერია, შემდეგ ვალენსიელთა საჯარიმოში მარცხნიდან შესულ როჯერს მარცხენა მახვილი კუთხიდან არ გაატანინა, ხოლო ბოლოს კარი სერხი გვარდიოლას არ დაანება.
„ვალენსიამ“ სეზონში მეოთხე თამაში მოიგო და კიდევ ორი ფრის ჩათვლით 14 ქულა აქვს – 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
იტალიის სერია B-ს მე-10 ტურში “სპეცია” გასვლაზე “პალერმოს” დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. სტუმართა განაცხადში ივა გელაშვილი იყო, რომელსაც საქართველოს ნაკრებში დებიუტი ტაილანდთან 8:0 მოგებულ ამხანაგურ მატჩშში ჰქონდა, მაგრამ სიცილიის მთავარ ქალაქში გასვლა არ მოუწია. “სპეცია” 7 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი