ლევან მაისაშვილი მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიდან დაითხოვეს

0
55

ლევან მაისაშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიდან დაითხოვეს. ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ განაცხადა. ამ უკანასკნელის ინფორმაციით, მაისაშვილის წასვლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატამდე გადაწყვეტილი იყო, მიუხედავად იმისა გუნდი საფრანგეთში რა შედეგს აჩვენებდა.
შეგახსენებთ, რომ 2003 წლის შემდეგ პირველად, “ბორჯღალოსნებმა” მსოფლიო პირველობაზე ვერცერთი თამაში მოიგეს – ავსტრალიასთან, ფიჯისთან და უელსთან დამარცხდნენ, ხოლო პორტუგალიასთან ფრე ითამაშეს. ასევე, მაისაშვილმა “შავი ლომის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
მაისააშვილი “ბორჯღალოსნებს” 2019 წლიდან ავარჯიშებდა. მანამდე, ის 2016-2019 წლებში ეროვნულ გუნდში მილტონ ჰეიგის თანაშემწე იყო.
მაისაშვილის თავკაცობით “ბორჯღალოსნებმა” 40 თამაში გამართეს – 24 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 13 წააგეს.
იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „მადლობას ვუხდი ლევანს იმისთვის რაც მან ქართული რაგბისთვის გააკეთა. ის არის ჩვენი ეროვნული ნაკრების ყველაზე წარმატებული მწვრთნელი, სწორედ მან შეძლო და მიიყვანა ჩვენი გუნდი უდიდეს ისტორიულ ეტაპებამდე, როგორიც იყო უელსთან და იტალიასთან გამარჯვება და რაგბის ევროპის ზედიზედ ოთხჯერ ჩემპიონობა.
მან გამორჩეული წინამძღვრობა გაუწია მორაგბეთა დღევანდელ თაობას, გვერდში მყარად მედგა ქართული რაგბის წინსვლისთვის მუშაობაში, რომელიც დღეს გაცილებით უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ლევანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოსვლამდე.
მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა “შავი ლომის” ტრიუმფალურ გამარჯვებებში სუპერთასის ტურნირზე. მოხარული ვარ, რომ დათანხმდა ჩვენთან დარჩენას, ჩვენ ერთად ვმუშაობთ მისი ახალი როლის უკეთ განსაზღვრაზე”.
ლევან მაისაშვილი: „მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის ანალიზის შედეგად გადავწყვიტე მთავარი მწვრთნელის პოზიციის დატოვება. გასული 4 წელი იყო უმნიშვნელოვანესი და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი გუნდის, მათი თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვისთვის. ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ.
მე მჯერა, რომ ჩვენი პროგრესი თვალსაჩინოა და მომავალი კიდევ უფრო ნათელია რადგან ჩვენს 20 და 18 წლამდე ნაკრებებში მოდიან ახალგაზრდა თაობის გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშეები.
მინდა მადლობა გადავუხადო სოსო ტყემალაძეს და რაგბის კავშირის გამგეობას ჩემს მიმართ გამოხატული ნდობისთვის. მადლობა ქართულ სარაგბო კლუბებს მათი მხარდაჭერისთვის და ეროვნული ნაკრების განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. მადლობა ქართველ გულშემატკივარს, ისინი ყველგან და ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ”.
ლევან მაისაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველომ პირველად დაამარცხა ტიერ 1 დონის მეტოქეები- იტალია და უელსი 2022 წელს; მოიგო ზედიზედ ოთხი რაგბი ევროპის ჩემპიონატი; ჰქონდა გამარჯვების საუკეთესო კოეფიციენტი (60%) – ითამაშა 40 – მოიგო 24, ფრე 3, წააგო 13 და მიიღო კვალიფიკაცია ზედიზედ მე-6 მსოფლიო ჩემპიონატზე. “შავი ლომმა” ზედიზედ ორჯერ მოიგო სუპერთასი.
მაისაშვილმა მწვრთნელობა 1994 წელს, მშობლიურ კლუბ ‘ლელოში’ დაიწყო და 2001 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს ავარჯიშებდა, 2001 წლიდან კი ‘ლელოს’ კაცთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა და 2019 წლამდე გუნდს 6-ჯერ მოაგებინა საქართველოს ჩემპიონატი, 3-ჯერ ქვეყნის თასი, 7-ჯერ კი საუკეთესო ქართველ მწვრთნელად დასახელდა.
საერთაშორისო დონეზე ის სხვადასხვა პერიოდში წვრთნიდა საქართველოს 18 და 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებებს, ასევე საქართველოს A და განვითარებად ნაკრებებს.
2016-2019 წლებში იყო ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის, მილთონ ჰეიგის ასისტენტი, 2020 წელს კი ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მაისაშვილის ხელმძღვანელობით საქართველომ 40 თამაში ჩაატარა, საიდანაც მოიგო 24, სამი ფრედ დაასრულა და დათმო 13.
უკანასკნელ 4 წელიწადში ბორჯღალოსნებმა 4-ჯერ მოიგეს რაგბი ევროპის ჩემპიონატი. 2020 და 2021 წლებში გუნდმა ტიერ1-ის გუნდებთან რამდენიმე დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარა: მონაწილეობა მიიღო შემოდგომის ერთა თასში; ტესტ-მატჩები გამართა მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან და საფრანგეთთან; ფრედ ეთამაშა ფიჯის (15:15).
ყველაზე წარმატებული კი 2022 წელი აღმოჩნდა, როდესაც საქართველომ ისტორიაში პირველად დაამარცხა ტიერ1-ის გუნდი, თანაც ზედიზედ ორი! 10 ივლისს ბათუმში, საუცხოო გარემოში ბორჯღალოსნებმა იტალიას 28:19 სძლიეს, ნოემბერში კი უელსს კარდიფში, 13:12 მოუგეს.
2021 წლიდან მაისაშვილმა ‘შავი ლომიც’ ჩაიბარა, რომელიც ნაკრების საბაზო გუნდია და მასთან ერთად ორჯერ მოიგო რაგბი ევროპის სუპერ თასი (ორი წლის ჯამში 16 თამაში, 13 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი). ქართულმა ფრენჩაიზმა 2022 წელს ითამაშა სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატში – ქარი ქაფში, სადაც 5 თამაში მოიგო და ორი დათმო, წელს კი სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე იმყოფებოდა და სამხრეთულ ფრენჩაიზებს კონკურს გარეშე შეერკინა.

ლაშა თაბაგარი