ტყიბულის „მეშახტემ“ მარტიდან მოყოლებული ზედიზედ 20 თამაშის ვერმოგების შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში სტუმრად გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილ ქუთაისის „ტორპედოს“ 2:0 აჯობა.
მატჩის ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე, ცოტნე ფაცაციამ ერთი მეტოქე ჩამოიცილა და დაახლოებით 18 მეტრიდან ბურთი კარის ბადეში მოათავსა.
სამ წუთში მასპინძლების მეკარესთან პირისპირ გასულმა მათე კვირკვიამ არ დაარტყა და პასი გიორგი გოგოლაშვილს მისცა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მიმდინარე წლის ივლისში კახა ჩხეტიანის დანიშვნის შემდეგ, ტყიბულელებმა პირველი ქულები აიღეს. ჩხეტიანმა, რომელიც წლების განმავლობაში „ტორპედოს“ ავარჯიშებდა, სხვა გუნდის თავკაცის რანგში ქუთაისში პირველად გაიმარჯვა.
„ტორპედო“ 31 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეექვსეა, ხოლო „მეშახტე“ 14 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





