ლობჟანიძის გუნდი კოლორადოში უქულოდ დარჩა

0
5

„რეალ სოლტ ლეიკი“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, MLS-ის მორიგ ტურში სტუმრად „კოლორადო რეპიდსთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო. ლობჟანიძემ, რომელიც გუნდს ზაფხულში „ატლანტა იუნაიტედიდან“ შეუერთდა, MLS-ში ჩატარებულ 7 მატჩში 3 საგოლე პასი შეასრულა. “რეალ სოლ ლეიკი” 28 ქულით 15-გუნდიან დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა.
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში “მიხალოვცემ”, რომელშიც თორნიკე ძოწენიძე გამოდის, სტუმრად მოქმედი ჩემპიონი ბრატისლავას “სლოვანი” 2:1 დაამარცხა. 26 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.“მიხალოვცე“ 7 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
„ჟილინამ“ სტუმრად ტრნავის „სპარტაკს“ 3:1 აჯობა. გამარჯვებულებში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ მოედანზე ორი ტაიმი გაატარა და მე-11 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ტრნაველთა სასტარტოში გიორგი მოისწრაფიშვილი და ლუკა ხორხელი იყვნენ – პირველი 59-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე 64-ეზე. ტრნაველები 13 ქულით მეორე ადგილზე არიან,“ჟილინა“ კი ამდენივე ქულით – მესამეა.
ლაშა თაბაგარი