კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მესამე სათამაშო დღე თბილისის „დინამოსა“ და „საბურთალოს“ ცენტრალური შეხვედრით დასრულდა. ესპანელი ანდრეს კარასკოს გაწვრთნილმა დინამოელებმა თანაქალაქელებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე უმასპინძლეს. რადგან „დინამო არენაზე“ 1 ოქტომბერს ბრუნო მარსის კონცერტი უნდა ჩატარდეს და ამისთვის მოსამზადებელი სამუშაო მიმდინარეობს.
დინამოელებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს და ამას ხორვატ ლეგიონერ დენის ბუშნიას უნდა უმადლოდნენ, რომელმაც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა. 37-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა მარცხენა ფლანგიდან ზუსტი გადაცემა გაუკეთა ბალკანელს, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან საბურთალოელთა მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში ხარაიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან შორეულ კუთხეში მოჭრა ბურთი და საბურთალოელების გოლის გაშვებისგან ლაზარე კუპატაძემ ნახტომში იხსნა.
66-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შესული დავით სხირტლაძის გადაცემის მერე, “საბურთალოს” მცველის ფეხიდან ბურთი ლაშა ოდიშარიას მიუვიდა, რომელმაც ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში მარცხენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში გვინეელმა უსმენა კამარამ ჩააწოდა და ჯადული იობაშვილის თავით დარტყმული ბურთი კარს მცირე მანძილიდან აცდა.
77-ე წუთზე ომარ თეთრაძის გუნდს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ გიორგი ლორიამ ახალო მანძილიდან გიორგი სიხარულიძის ვარდნაში დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია.
„დინამომ“ 52 ქულა დააგროვა და მე-3 წრე მეორე ადგილზე დაასრულა – ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 7 ქულით ჩამორჩება. „საბურთალო“ 45 ქულით მესამე პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი




