გიორგი მიქაუტაძის დებიუტი ამსტერდამის „აიაქსის“ შემადგენლობაში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაიდო.
B ჯგუფის პირველ ტურში ნიდერლანდელებმა ფრანგული „მარსელი“ მიიღეს და უხვგოლიან დაპირისპირებაში გუნდებმა ქულები გაიყვეს – 3:3.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ამსტერდამელთა თადარიგში იყო, მაგრამ თავის გამოჩენის საშუალება არ მისცეს. „აიაქსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი მორის სტეინი მიქაუტაძეს აშკარად არ წყალობს.
თამაშის მე-9 წუთზე ამსტერდამელები ფორბსმა დააწინაურა, ხოლო ბერგუისმა მე-20 წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო. 23-ე წუთზე „მარსელიდან“ გოლი კლოსმა გაიტანა, 38-ე წუთზე კი ობამეიანგმა ანგარიში გაათანაბრა.
52-ე წუთზე ტეილორის გოლით „აიაქსი“ ისევ დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, რადგან 78-ე წუთზე ობამეიანგმა დუბლი შეასრულა.
„აიაქსი“ მომდევნო თამაშს ევროპა ლიგაში 5 ოქტომბერს სტუმრად საბერძნეთის აეკ-თან გამართავს, რომელმაც პირველ ტურში ინგლისში „ბრაიტონს“ 3:2 აჯობა.
ლაშა თაბაგარი




