უკვე ერთ თვეზე მეტია “საბურთალო 2”-ს ახალი მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი ჰყავს. გუნდმა ახალ მწვრთნელთან ერთად მოსამზადებელი პერიოდი უკვე გაიარა და ახლა საშეჯიბრო ეტაპისთვის ემზადება. განვლილი მოსამზადებელი პერიოდის თაობაზე და სამომავლო გეგმებზე უჩას გავესაუბრებით.
–დასრულდა მოსამზადებელი პერიოდი, რამდენი მატჩი ჩაატარეთ, რა იყო თქვენი მიზანი და რამდენად დამაკმაყოფილებელია შედეგები?
-პირვველ ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა საბურთალოს ხელმძღვანელობას, ტარიელ ხეჩიკაშვილს, კახა ამირიძეს და ლევან სილაგაძეს, ნდობა რომ გამომიცხადეს და მომცეს შესაძლებლობა ,,საბურთალოს“ გუნდში მემუშავა. ჩემთვის დიდი გამოწვევაა და მადლობას ვუხდი მათ ამ ნდობისთვის.
რაც შეეხება ჩვენს 4-კვირიან მოსამზადებელ ეტაპს, ამ პერიოდში გვქონდა ფიზიკური, ტექნიკური და ტაქტიკური თვისებების გაუმჯობესება. ჯამში ჩავატარეთ 5 ამხანაგური მატჩი, 3 ფრედ ვითამაშეთ, ხოლო 2 თამაშში გავიმარჯვეთ. თუმცა, ამ თამაშებში მნიშვნელოვანი არ იყო შედეგები, არამედ ის თვისებები, რომლებიც გვინდოდა რომ განგვევითარებინა ფეხბურთელებში, რათა ჩემპიონატს უკვე სრულ მზადყოფნაში შეხვედროდნენ.
საბოლოო ჯამში, მიმაჩნია, რომ კარგი, ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გამოვიდა, როგორც თავად ფეხბურთელების მიდგომიდან, ასევე, ჩატარებული ამხანაგური მატჩებიდან გამომდინარე.
-უმაღლეს ლიგაში საქმიანობდით და გადმოინაცვლეთ ამჟამად ლიგა 3 ში. თქვენი აზრით, რით განსხვავდება საქმიანობა ამ ორ ლიგას შორის?
-ეს გამოწვევა მივიღე საბურთალოს გუნდიდან, ვიცი, რომ საბურთალო განვითარებული, პროგრესული გუნდია, შესაბამისად, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, რომ დავთანხმებოდი ამ გამოწვევას. არანაირ წინაღობას არ მიქმნიდა ის ფაქტი, რომ უმაღლესი ლიგიდან, ლიგა 3- ში მიწევს მუშაობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტორი რომ ვხედავ გეგმას, თუ როგორ ვითარდება გუნდი, როგორ პროგრესირებს და ესაა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება განსხვავებას, უმაღლეს ლიგასა და ლიგა 3-ს შორის, მე მიმაჩნია, რომ თუ პროფესიონალი ხარ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელ ლიგაში მუშაობ, ბოლომდე უნდა დაიხარჯო, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო. უბრალოდ უმაღლესი ლიგა სხვა მიზნისთვის იღწვის, ლიგა 3- ს სხვა მიზანი აქვს. თუმცა, უდიდესი მიზანი ამოძრავებს ლიგა 3-ს, იქიდან გამომდინარე რომ 2 მიმართულებით უნდა განვითარდეს: როგორც გუნდი უნდა იყოს წარმატებული, ასევე, ინდივიდუალურად უნდა განვითარდნენ ფეხბურთელები იმდენად, რომ შეძლონ ძირითად გუნდში მოხვედრა.
–უჩა, რომ გვითხრათ როგორ მიგიღეს საბურთალოში? როგორი გარემო დაგხვდა?
-სანამ საბურთალოში მოვიდოდი, მანამდეც ძალიან დადებითად ვიყავი განწყობილი ამ კლუბის მიმართ, თუმცა, როდესაც აქ მოვხვდი და უკვე უშუალო შეხება მქონდა იმ ადამიანებთან, ვინც კლუბს მართავს, მივხვდი, რატომ დგას საბურთალო მოწინავეთა რიგებში. ძალიან ოჯახური გარემოა, ურთიერთდამოკიდებულებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ძალიან მალე მივხვდი, რომ მოვხვდი ისეთ გარემოში, სადაც საქმის კეთება დიდ სიამოვნებას ანიჭებთ.მე მინდა მადლობა გადავუხადო საბურთალოს თითოეულ წევრს ასეთი დახვედრისთვის, ასეთი მიღებისთვის და იმ ურთიერთდამოკიდებულებისთვის, რაც ჩემს მიმართ გამოიჩინეს.
–1 თვეზე მეტია უკვე ხართ საბურთალო 2 -ის მთავარი მწვრთნელი ხართ, როგორ მიდის გუნდთან შეგუების პროცესი?
-პირველ ყოვლისა ძალიან ინდივიდუალურად სამუშაო პროცესია, რადგან ბევრი სხვადასხვა ასაკის ბავშვია ჩვენს გუნდში, თუმცა, როდესაც შენი საქმე გიყვარს და მე აქ მხოლოდ ჩემს თავს არ ვგულისხმობ, არამედ იმ ფეხბურთელებსაც, რომლებიც ძალიან პროფესიონალურად უდგებიან საქმეს, შემდეგ უფრო მარტივდება საქმის კეთება. რაც შეეხება იმ კონტიგენტს, რომელიც ჩვენს გუნდში იმყოფება, ძალიან გამორჩეული ბავშვები არიან, თითოეულ მათგანს ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ უახლოეს პერიოდში მოხვდეს ჩვენს მთავარ გუნდში.
ერთი თვის განმავლობაში ვუყურებ მე ბიჭების შრომას და ვფიქრობ, რომ აუცილებად დუფასდებათ, როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურ დონეზე.
–თქვენ არაერთ ინტერვიუში აღგინიშნავთ, რომ თუ გვსურს წარმატება საკლუბო დონეზე, მაშინ აუცილებელია ყველა კლუბს ჰქონდეს თავისი აკადემიაო. რომ გვითხრათ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი აკადემიების არსებობა თქვენი აზრით და რას ფიქრობთ საბურთალოს აკადემიაზე?
-გამოვარჩევ აკადემიის ხელმძღვანელს, თემურ შალამბერიძეს, რომელიც ნამდვილი პროფესიონალია და ძალიან კარგი ადამიანი. მთლიანად ასეთი ადამიანებითაა დაკომპლექტებული საბურთალოს აკადემია, ასაკობრივი ჯგუფების მწვრთნელებს ვგულისხმობ, და მერწმუნეთ, გარედან კარგად არ ჩანს რამდენს აკეთებენ ეს ადამიანები ამ კლუბის წარმატებისთვის. იმ საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე რაც ქართულ ფეხბურთშია, მე ვიტყოდი რომ აკადემიის მწვრთნელებიც და ხელმძღვანელობაც თავის მაქსიმუმს დებენ ამ საქმეში.
რაც შეეხება აკადემიას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდა ფეხბურთელის განვითარებას. რეალურად ფეხბურთელი ყალიბდება აკადემიაში და უკვე დიდ ასპარეზზე, იმ პოტენციალის განვითარებას ახდენს, რომელიც აკადემიაში დაგროვილი ცოდნით უნდა შეავსოს. ფაქტია, რომ საბურთალოს აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელები გადიან საქართველოს ფარგლებს გარეთ, თამაშობენ ეროვნულ ნაკრებში და მე დარწმუნებული ვარ, საბურთალოს აკადემია კიდევ უფრო განვითარდება და წინ წავა, მათი საქმისადმი დამოკიდებულების გამო.
–უჩა, როგორც ვიცით, არაერთი ფეხბურთელი დაიმატეთ საბურთალოს აკადემიის სხხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფიდან. ამ პროცესზეც რომ მოგვიყვეთ, თუ იგეგმება კიდევ ფეხბურთელების დამატება?
-დიახ, არიან ჩვენთან სხვა ასაკობრივი ჯგუფებიდან გადმოყვანილი ფეხბურთელები, U17 – დან, U19-დან, დანიელ ქვარცხავა, გიორგი ჩაჩუა, დავით მიქაია, გიორგი გოგსაძე და გიორგი კაკულია. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, არ გაჩერდება, ყოველთვის დაკვირვების ქვეშ იქნებიან ფეხბურთელები ჩემი მხრიდან, შეძლებისდაგვარად ყველა თამაშზე დავდივარ, რომ მივაქციო ყურადღება. ბავშვთა ფეხბურთს ზოგადად ასეთი რამ ახასიათებს, დღეს შეიძლება ვერ ახერხებდეს ჩვენს გუნდში მოხვედრას, მაგრამ სულ რაღაც 1 თვეში, შეიძლება უკვე ისე მოინდომოს, იმდენი იშრომოს, რომ მოახერხოს ჩვენს გუნდში თამაში.
–ბევრი სხვადასხვა ასაკის ბავშვი თამაშობს თქვენს გუნდში, ეს ალბათ გარკვეულწილად რთულია…
– საბურთალოში ძალიან მეგობრული გარემოა, ასაკის სხვაობის მიუხედავად ერთმანეთთან ურთუიერთობა ძალიან უმარტივდებათ. კომუნიკაციაც ხშირი აქვთ, დადიან ერთმანეთის თამაშებზე, შესაბამისად მათთვის შემდეგ უფრო მარტივდება ერთად თამაში.
შემდე უკვე არის ჩემი სამუშაო, ფეხბურთს ერთი ენა აქვს და ჩვენც ამ ენაზე ვსაუბრობთ. იმდენად დიდია მათი მხრიდან ინტერესი და პროფესიონალიზმი, რომ საქმე ბევვრად უფრო მარტივდება. მიუხედავად ამ ასაკობრივი დისბალანსისა, ვიტყოდი, ჩემს გასაკვირადაც კი, ძალიან კარგი გარემოა შექმნილი. ეს ყველაფერი ალბათ ისევ და ისევ საბურთალოს სკოლის დამსახურებაა.
–საკმაოდ მჭიდრო და აქტიური კავშირი გაქვთ ძირითადი გუნდის სამწვრთნელო შტაბს და თქვენ. ამის თაობაზეც რომ გაგვესაუბროთ…
-განსაკუთრებით მინდა ბატონ ომარ თერთრაძეს ვუთხრა მადლობა, მე მას როგორც პიროვნებას, როგორც ფეხბურთელს ძალიან დიდ პატივს ვცემდი, ხოლო უფრო ახლოს როცა გავიცანი, დავრწმუნდი როგორ პროფესიონალ ადამიანთან მაქვს შეხება. მე, როდესაც საშუალება მაქვს, ყოველთვის ვესწრები პირველი გუნდის ვარჯიშს, ბევრი კითხვა მაქვს ბატონ ომართან, თუ როგორ ვარჯიშობს, როგორ გეგმავს თამაშებს და ეს კომუიკაცია, საშუალებას მაძლევს გავიგო დიდი გუნდის ფილოსოფია, რაზე აკეთებენ აქცენტს, რომ ჩვენს გუნდშიც მოხდეს ანალოგიურად, რომ,შემდგომში, საბურთალო 2-დან გადასულ ფეხბურთელს გაუმარტივდეს დიდ გუნდთან ადაპტაციის პროცესი.
მე მინდა ასევე მადლობა ვუთხრა ომარს იმისთვის, რომ თავადაც იჩენს ძალიან დიდ ყურადღებას ჩვენი გუნდის მიმართ, თითქმის ყველა ამხანაგურ მატჩს დაესწრო, ასევე იმყოფებოდა ვარჯიშებზეც. გარდა იმისა რომ ეს ყველაფერი ასახავს ჩვენს მჭიდრო კომუნიკაციას, ასევე ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს ჩვენს ფეხბურთელებს. ისინი ხედავენ რომ ერთი ნაბიჯი აშორებთ ძირითად გუნდამდე. როტაცია სულ მიმდინარეობს გუნდებს შორის, გადავიყვანეთ რამდენიმე ფეხბურთელი, ცვლილებები კიდევ იგეგმება. კავშირი ნამდვილად მჭიდროა და მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ძალიან წაადგება საბურთალოს.
–რა არის თქვენი მიზანი განახლებულ ჩემპიონატში?
-შეუძლებელია რომ საბურთალოში მუშაობდე და მაღალი მიზნები არ გქონდეს, იქიდან გამომდინარე რომ ყოველთვის ხარისხზე არის აქცენტირება საბურთალოში. ლიგა 3 საშუალებას გვაძლევს რომ კარგად ჩატარებული თამაშების შემთხვევაში, გადაინაცვლო რანგით მაღალ ლიგაში. თუკი საბურთალო ამ ყველაფერს მოახერხებს, ეს, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან კარგი, რადგან ლიგა 2 ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებისთვის კიდევ უფრო კარგი საშუალება იქნება. ჩვენ ვიბრძოლებთ ამ ამოცანების შესასრულებლად.
ასევე ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი გუნდიდან კიდევ უფრო მეტი ფეხბურთელი დაწინაურდეს ძირითად გუნდში და ასევე, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი მოხვდეს ასაკობრივ ნაკრებებში. ასე რომ, მხოლოდ ერთი მიმართულებით არ ვმუშაობთ, გვაქვს 3 ძირითადი მიმართულება : ვიბრძვით მაღალი მიზნებისთვის ჩემპიონატში, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი უნდა მოხვდეს ძირითად გუნდში და ასაკობრივ ნაკრებში.





