ეშლი იანგი მომავალ სეზონში „ევერტონის“ ღირსებას დაიცავს. Sky Sports-ის ინფორმაციით, 38 წლის მცველი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. მისი გადაბირება პრემიერლიგაში წელს დაბრუნებულ „ლუტონსაც“ სურდა, მაგრამ ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა ლივერპულელთა რიგებში თამაში არჩია.
იანგმა საფეხბურთო კარიერა „უოტფორდში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ გადავიდა. მან კარიერის საუკეთესო პერიოდი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა, სადაც 2011-2020 წლებში გამოდიოდა. იანგმა მანჩესტერელებთან ერთად პრემიერლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი და ევროპა ლიგა თითოჯერ მოიგო.





