ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ლუის სუარეს მირამონტესი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ოქროს ბურთის“ მფლობელი ლუის სუარესი კარიერის განმავლობაში „დეპორტივოში“, „ესპანია ინდასტრიალში“, „ბარსელონაში“, „ინტერში“ და „სამპდორიაში“ გამოდიოდა.
მან „ბარსელონას“ შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატი და თასი 2-ჯერ მოიგო, ასევე ამდენჯერვე „ბაზრობათა თასს“ დაეუფლა, რომლის უეფას თასის წინამორბედ ტურნირად მიიჩნევა.
ლუის სუარესმა „ინტერის“ მაისურით იტალიის ჩემპიონატის ოქროს მედლები სამჯერ მოიპოვა, ხოლო ორ-ორჯერ ევროპის ჩემპიონთა თასს და საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა.
მან ესპანეთის ნაკრებთან ერთად 1964 წელს ევროპის ჩემპიონატში გაიმარჯვა. სუარესმა „ოქროს ბურთი“ 1960 წელს მიიღო, როდესაც „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში უნგრელ ფერენც პუშკაშს და გერმანელ უვე ზეელესრ აჯობა. ის ესპანეთში დაბადებული პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ამ პრესტიჟულ ჯილდოს დაეუფლა. პირველი ესპანეთის მოქალაქე ვინც „ოქროს ბურთი“ მოიგო ალფრედო დი სტეფანო იყო, რომელიც არგენტინაში დაიბადა, სუარესი „ბარსელონას“ პირველი ფეხბურთელია, ვისაც „ოქროს ბურთი“ გადასცეს.
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ლუის სუარესი მილანის „ინტერს“ 3-ჯერ ავარჯიშებდა, აგრეთვე „სამპდორიას“, სპალს, „კომოს“, „დეპორტივოს“, ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებს, ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაა „ალბასეტეს“ ხელმძღვანელობდა.





