ხორვატია ერთა ლიგის ფინალშია

0
65

როტერდამში, „დე კუიპზე” უეფას ერთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა ჩატარდა. ნიდერლანდების მეტოქე განვლილი მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი ხორვატია იყო. ხორვატული პრესის ინფორმაციით, მასპინძლებს როტერდამში ბოლო 23 წლის განმავლობაში მარცხი განცდილი არ ჰქონდათ. შეხვედრაზე დამსწრე 15 000 ხორვატი გულშემატკივრის მხურვალე მხარდაჭერით გამხნევებულმა ბალკანელთა ნაკრებმა მასპინძლებს პირველი წუთებიდანვე გაუმართა ბრძოლა და მართალია დონიელ მალენის დარტყმის შემდეგ გოლი გაუშვა და ტაიმი მინიმალური ანგარიშით დათმო, მაგრამ მთლიანობაში, ნიდერლანდებზე ცუდად არ ითამაშა.
მეორე ნახევრის მეათე წუთზე კოდი გაკპოს მიერ საჯარიმოში ლუკა მოდრიჩის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ანდრე კრამარიჩმა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.
გატანილი გოლის შემდეგ ტრიბუნები „აფეთქდა”. ხორვატული სიმღერები  ხშირად  ისმოდა, ხორვატი ფეხბურთელებიც უფრო უფრო შეუპოვრები გახდნენ და 72-ე წუთზე მარიო პაშალიჩმა მეორედ აიღო მასპინძელთა კარი.


მასპინძლები მარცხს არ შეეგუენ, მთელი გუნდით, მეკარის ჩათვლით, შეუტიეს სტუმრებს და მაშინ, როდესაც შეხვედრის დასრულებამდე წამები რჩებოდა (90+6 წუთზე), ნოა ლანგის დარტყმის შემდეგ ანგარიში გაათანაბრეს – 2:2.
დამატებით ორი თხუთმეტწუთიანი ტაიმის მე-8 წუთზე ხორვატებმა (ბრუნო პეტკოვიჩი)  მატჩის მსვლელობაში მესამედ გაგზავნეს ბურთი ზუსტად კარის ჩარჩოში – 2:3.
115-ე წუთზე მარიო ბაშალიჩმა მეკარე გამოიტყუა, მოატყუა და ძლიერად დარტყმული ბურთი კარის ზედა ძელს მოარტყა, ერთი წუთის შემდეგ კი მასპინძელთა კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და იგი ლუკა მოდრიჩმა გამოიყენა – 2:4.
ცნიბისთვის, ნიდერლანდების ნაკრებმა ოფიციალურ შეხვედრაში თავის მოედანზე 4 გოლი ბოლო 118 წლის მანძილზე პირველად გაუშვა.
მეორე ნახევარფინალური შეხვედრა 15 ივნისს იტალიასა და ესპანეთს შორის ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში ჩატარდება.

ნიდერლანდები  ხორვატია 2:4 დ.დ.
ნიდერლანდები: ბილოუ – დუმფრისი (85. ლანგი), ხეერტრეიდა, ვან დეიკი, აკე (106. მალაკია) – ვიფერი (75. ვეინალდუმი), კოპმაინერსი, ფ. დე იონგი – მალენი (75. ბერხვეინი), გაკპო (106. დე როონი), სიმონსი (64. ვეგჰორსტი).
ხორვატია: ლივაკოვიჩი – იურანოვიჩი (78. სტანიშიჩი), შუტალო (91. პეტკოვიჩი), ვიდა, პერიშიჩი – მოდრიჩი (119. ბარიშიჩი), ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი (85. მაიერი) – პაშალიჩი, ივანუშეცი (78. ვლაშიჩი) – კრამარიჩი (90. ერლიჩი).
გოლები: 1:0 მალენი (34), 1:1 კრამარიჩი (55-პენალტი), 1:2 პაშალიჩი (73), 2:2 ლანგი (96), 2:3 პეტკოვიჩი (98), 2:4 მოდრიჩი (115-პენალტი)