სიმონე ინძაგის მსოფლიოში საუკეთესო გუნდად მიაჩნია „მანჩესტერ სიტი“, რომელთან დაპირისპირებაში მის გუნდს ისტორიის დაწერის შანსი აქვს. მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ხვალ თურქეთის ქალაქ სტამბოლში „სიტისთან“ გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კარგა გვესმის თუ რა დონის მატჩის ჩატარება მოგვიწევს. ვიცით, რომ „მანჩესტერ სიტი“ ტოპ გუნდია, რომელიც ამჟამად მსოფლიოში საუკეთესოა. გვეამაყება, რომ ამ სტადიაზე ვართ. სრული კონცენტრაციით ვითამაშებთ და ბოლომდე დავიხარეჯებით. უნდა ვეცადოთ, რომ რაც შესაძლოა ცოტა შეცდომა დავუშვათ.
სეზონში 57-ე მატჩი უნდა ჩავატაროთ. ძალიან გრძელი სეზონია, რომლის განმავლობაში აღმასვლა და ჩავარდნა გვქონდა. როდესაც წარუმატებლად ვთამაშობდით, ჩვენ ვიზრდებოდით და ვუმატებდით.
წაგებიდან შესაბამის დასკვნას ვაკეთებდით. ფეხბურთელები გულმოდგინედ მუშაობდნენ. ძალისხმევამ და მონდომებამ ამ მომენტამდე მიგვიყვანა. ისტორიის დაწერის შანსი გვაქვს. გამარჯვება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ამისთვის ყველა ერთად ვიმუშავებთ“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს BBC Sport.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი



