პეპ გვარდიოლას თქმით, მისი გაწვრთნილი გუნდების წარმატების საიდუმლო კარგი ფეხბურთელების ყოლაა, „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ხვალ თურქეთის ქალაქ სტამბოლში მილანის „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასამართ მატჩამდე განაცხადა.
„ეს უბრალოდ ოცნებაა. რაღაცას რომ მიაღწიო, ყოველთვის რეალობისა და სურვილის სწორი პროპორცია უნდა გქონდეს. შეხედეთ რამდენი ადამიანი შეიკრიბა ამ საპრესკონფერენციო ოთახში. მსგავსი რამ ყოველ თამაშზე არ ხდება. ჩვენ ვიცით ეს რამდენად მნიშვნელოვანია. მე ხალხის აზრს თამაშის შესახებ არ ვაკონტროლებ. მე კონცენტრირებული უნდა ვიყო იმაზე თუ რის გაკეთება შეგვიძლია. შეგვწევს ძალა, რომ „ინტერის“ ძალისხმევა მაქსიმალურად შევამციროთ და ჩვენი ფეხბურთის თამაშს ვეცადოთ.
მატჩის ბოლოს გამარჯვებული და შესაბამისად ფავორიტი ის გახდება, ვინც 90 წუთის განმავლობაში თავს უკეთესად გამოავლენს. მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდა გასულ ან მიმდინარე სეზონში. თუ შორეულ წარსულს გადავხედავთ, ხალხმა შესაძლოა თქვას, რომ „ინტერი“ ჩვენზე ძლიერია. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფავორიტი ხარ თუ არ ხარ ფავორიტი, მნიშვნელობა მხოლოდ საუკეთესო თამაშს აქვს.
წარმატების საიდუმლო კარგი მოთამაშეების ყოლაა. წარსულში მესი მყავდა, ხოლო ახლა – ჰოლანდი. აი ესაა ჩემი წარმატების საიდუმლო და არ ვხუმრობ. დაე, მათ იგრძნონ, რომ მარტო ვერ გაუმკლავდებიან, ხოლო ერთად ძლიერი გუნდი ვართ. ჩვენ ერთი იდეა გვაქვს. ბიჭები რომლებიც გამომყვებიან აქ იქნებიან, ხოლო ვინც არ გამომყვება აქ არ იქნება.
ყველა ძლიერ მწვრთნელს ძლიერი ორგანიზაცია და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ჯერ არც ერთ მწვრთნელს გოლი არ გაუტანია“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს BBC Sport.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი



