„ვესტ ჰემის“ მეორე ევროტიტული – ემერსონის უნიკალური მიღწევა

0
65

კონფერენს ლიგის რიგით მეორე გათამაშება ლონდონის „ვესტ ჰემის“ გამარჯვებით დასრულდა. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში „ფორტუნა არენაზე“ გამართულ მატჩში შოტლანდიელი დევიდ მოიესის გაწვრთნილმა გუნდმა ფლორენციის „ფიორენტინა“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ტაიმი ერთობ უინტერესო აღმოჩნდა, მაგრამ შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე ლუკა იოვიჩმა ახლო მანძილიდან ვარდნაში თავურით ინგლისელების კარი აიღო. ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენტმა გადაამოწმა და სერბ თავდამსხელზე თამაშგარე დაფიქსირდა, რის გამო გოლი არ ჩაითვალა. ამ ეპიზოდში იოვიჩი დაშავდა და მეორე ტაიმში მოედანზე მის ნაცვლად კაბრალი შევიდა. პირველ ტაიმში „ვესტ ჰემის“ გულშემატკივრები ძალიან აგრესიულა იქცეოდნენ და მოედანზე სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. ერთ-ერთი ასეთი საგანი ფლორენციელთა კაპიტან ბირაგის, რომელიც კუთხურს აწოდებდა თავში მოხვდა და სისხლი წასკდა. მან თამაში თავშეხვეულმა განაგრძო.
62-ე წუთზე, ბირაგიმ თავის საჯარიმოში „ვესტ ჰემის“ ფორვარდ ჯერედ ბიუენთან ორთაბრძოლის დროს სრულიად უწყინარ სიტუაციაში ბურთზე ხელით ითამაშა. მსაჯმა ეს მომენტი ვერ დაინახა, მაგრამ რეფერის ვიდეოსისტენტის მითითების შემდეგ, მომხდარი მონიტორზე თავად ნახა, რის მერე, პენალტი დანიშნა. ბენრაჰმამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ლონდონელები დააწინაურა.
ანგარიშის გახსნიდან ხუთ წუთში ნიკო გონსალესმა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო ორი მცველის გარემოცვაში მყოფმა ბონავენტურამ ბურთი დაამუშავა და კარში ზუსტად გადაგზავნა – 1;1.
ამის შემდეგ, „ფიორენტინას“ წინ გასვლაც შეეძლო, როდესაც კაბრალის გადაცემით ინგლისელების საჯარიმოში მდგომაა მონდრაგორამ ვერ ისარგებლა და ხელსაყრელი პიზიციიდან ბურთი კარსს ააცილა,
90-ე წუთზე ლუკას პაკეტამ კარგი პასით მეკარესთან პირისპირ ბოუენი გაიყვანა, რომელმაც თავის შანსი გამოიყენა და „ვესტ ჰემს“ მოაგებინა. იგი ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ლონდონელებმა არსებობის ისტორიაში ევროთასზე მეორედ გაიმარჯვეს. მათ პირველად 1965 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგეს, რომელიც აღარ ტარდება. ცნიბისთვის, “ჩაქუჩებს” კონფერენს ლიგის 2022-2023 წლების სეზონში არცერთი თამაში წაუგიათ – 14-ჯერ გაიმარჯვეს და ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულეს.
„ვესტ ჰემმა“ 1980 წლის შემდეგ ტიტული პირველად მოიგო. მაშინ, „ჩაქუჩები“ ინგლისის ასოციაციის თასს დაეუფლნენ და თასების მფლობელთა თასზე ითამაშეს, სადაც თბილისის „დინამოსთან“ წააგეს.
მოიესმა სამწვრთნელო კარიერაში მეორე ჯილდო მოიგო. მან 2013 წელს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად ინგლისის სუპერთასზე გაიმარჯვა. ის ლეგენდარული ალექს ფერგიუსონის შემდეგ, მეორე შოტლანდიელი მწვრთნელია, რომელმაც ევროთასზე გაიმარჯვა.
„ვესტ ჰემის“ 28 წლის მცველი ემერსონი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა და კონფერენს ლიგა მოიგო. ის ჩემპიონთა ლიგის (2021) და ევროპა ლიგის (2019) გამარჯვებული ლონდონის „ჩელსის“ შემადგენლობაში გახდა. გარდა ამისა, ის უეფას ეგიდით ჩატარებული 5 ტურნირის გამარჯვებული პირველი მოთამაშეა, ვინაიდან იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლებს დაეუფლა და “ჩელსიში” ევროპის სუპერთასიც აღმართა.
კონფერენს ლიგის განვლილი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ “ვესტ ჰემის” ნახევარმცველი დეკლან რაისი დაასახელეს.
მომავალ სეზონში ევროთასებზე ინგლისის პრემიერლიგიდან 8 გუნდი ითამაშებს – „მანჩესტერ სიტი“, „არსენალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ნიუკასლი“ (ჩემპიონთა ლიგა), „ლივერპული“, „ბრაიტონი“, „ვესტ ჰემი“ (ევროპა ლიგა) და „ასტონ ვილა“ (კონფერენს ლიგა).
ლაშა თაბაგარი