ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონის ოქროს მედალი ჩაიბარა. იტალიის სერია A-ს ბოლო 38-ე ტურში ჩემპიონმა „ნაპოლიმ“ გავარდნილი „სამპდორია“ მიიღო და 2:0 გაიმარჯვა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 62-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენი გენუელთა მცველმა ნიკოლა მურუმ თავის საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, ოსიმენმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა და სერია A-ს საუკეთესო თავდამსხმელის წოდებასთან ერთად, 26 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
85-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და „სამპდორია“ მეორედ დაამწუხრა. მან გატანილი გოლი ნეაპოლელთა ლეგენდას დიეგო მარადონას მიუძღვნა, რაც 10-ნომრიანი მაისურის აფრიალებით გამოხატა.
სერია A-ს განვილი სეზონის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა. მას კუთვნილი პრიზი თამაშამდე გადასცეს. მან პირველ ტაიმში შორი მანძილიდან ორჯერ უშედეგოდ დაარტყა, ხოლო მეორე ტაიმში მისი გადაცემის შემდეგ ჯანლუკა გაეტანო მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მისი დარტყმული ტურკმა მოიგერია.
თამაშის დასრულების შემდეგ „ნაპოლი“ ოქროს მედლებით დააჯილდოვეს და ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასიც გადასცეს.
გარდა ამისა, დღეს ნეაპოლის ცენტრში „ნაპოლის“ ჩემპიონობის აღსანიშნავად დიდი ზეიმი გაიმართა, რომელშიც ფეხბურთელებიც მონაწილეობდნენ.
კვარაცხელიამ სaდებიუტო სეზონში სერია A-ში 34-ჯერ (30-ჯერ სასტარტოში) ითამაშა და 12 გოლი გაიტანა, პლუს ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირში მან 44 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლთან ერთად 14 საგოლე გადაცემა მიითვალა, თან 4 პენალტი გამოიმუშავა. ის სერი A-ს საუკეთესო ასისტენტი გახდა.

ლაშა თაბაგარი



