მიქაუტაძის საგოლე პასი, „მეცი“ „ბორდოს“ ქულით ჩამორჩება

0
59

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში მე-8 საგოლე პასი მიითვალა. 35-ე ტურში „მეცი“ შინ „გრენობლს“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შეცვალეს.
მან 47-ე წუთზე მოედნის ცენტრში ბურთის მიღების დროს ერთ მეტოქეს გვერდი ორიგინალური ფინტით აუარა, საჯარიმოში შესული სტუმართა მეორე ფეხბურთელსაც გაექცა და პასი ჯალოს გაუკეთა, რომელმაც ახლო მანძილიდან ვარდნაში ზუსტად დაარტყა. ქართველს 78-ე წუთზე გატანა თავადაც შეეძლო, როდესაც „გრენობლის“ საჯარიმოში ერთ მცველს გაექცა და დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.
მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში 22 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა.
„მეცმა“ 65 ქულა დააგროვა და მხოლოდ ქულით ჩამორჩება ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“, რომელმაც გასვლაზე „კევილთან“ 0:0 ითამაშა. საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი სასტარტოში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.
სერბეთში ჩემპიონატის ნაადრევად მომგებმა ბელგრადის “ცრვენა ზვეზდამ” შინ “ვოივოდინა” 2:1 დაამარცხა. მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა ფლანგელმა ირაკლი აზაროვმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი