ბრატისლავას „სლოვანმა“, რომლის შემადგენლობაში სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, სლოვაკეთის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად ბანკა ბისტრიცას „დუკლა“ 2:1 დაამარცხა და უახლოეს მდევარ „დუნაისკა სტრედასთვის“ მიუღწეველი აღმოჩნდა.
განვლილ შეხვედრაში ბრატისლაველთა განაცხადში საქართველოს ნაკრების კაპიტანი მცველი გურამ კაშია არ იყო, ხოლო ექსკაპიტანმა საყრდენმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა. მის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში ჩვენი ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე იყო, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს.
„სლოვანიდან“ მე-12 წუთზე ანგარიში ჩავრიჩმა გახსნა, რომელმაც 61-ე წუთზე დუბლი შეასრულა. მასპინძლებიდან ერთი გოლი 89-ე წუთზე დეპეტრისმა გაიტანა.
„სლოვანი“ დამიუკიდებელი სლოვაკეთის ჩემპიონი 17-ჯერ გახდა, ხოლო ყოფილი ჩეხოსლოვაკიის პირველობა 8-ჯერ მოიგო.
35 წლის კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ის კარიერის განმავლობაში ასევე თითოჯერ ნიდერლანდების თასს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა.
37 წლის კანკავამაც სლოვაკეთის პირველობის ოქროს მედლები მეორედ დაისაკუთრა. მას კარეირაში სხვა ტიტული არ აქვს.
23 წლის ჩაკვეტაძემ, რომელიც ბელგიის „გენტიდანაა“ განათხოვრებული, კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.
ლაშა თაბაგარი





