„სლოვანმა“ ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა – ჩაკვეტაძის საგოლე პასი

0
27

ბრატისლავას „სლოვანმა“ ჩემპიონობის შენარჩუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. სლოვაკეთის პირველობის მორიგი ტურის ცენტრალურ მატჩში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად უშუალო კონკურენტ „დუნაისკა სტრედას“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
მასპინძლებიდან მე-8 წუთზე ანგარიში კრსტოვიჩმა გახსნა. 42-ე წუთზე ლოვატმა მარცხენა ფეხით საჯარიმოს კუთხიდან ბურთი კარგად მოჭრა და ეფექტური გოლი გაიტანა.
74-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან გიორგი ჩაკვეტაძემ კუთხური ჩააწოდა და ჰრინმა ახლო მანძილიდან ფეხით გაიტანა. მე-80 წუთზე „დუნაისკა სტრედას“ შესრულებული კუთხურის მერე, რამადანმა თავურით ანგარიში გაათანაბრა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა პენალტი ზუსტად დაარტყა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა. მან გოლი ისე ემოციურად აღნიშნა, რომ სტადიონზე წესრიგის დამცველ სტიუარდთან კამათიც მოუვიდა. ამის შემდეგ, ვაისი მეტოქის ფეხბურთელებსაც ეკამათა, რომლებიც მასზე იწევდნენ და გულშემატკივრებმაც ტრიბუნიდან ბოთლები ესროლეს. საბოლოოდ, ვაისმა ორწუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
განვლილ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს,ხოლო ჩაკვეტაძემ მოედანი 89-ე წუთზე დატოვა.
სლოვაკეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე „სლოვანს“ 66 ქულა აქვს და  „დუნაისკა სტრედას“ 5 ქულით ასწრებს – ბრატისლაველებს დარჩენილ 2 ტურში მორიგი ჩემპიონობისთვის მხოლოდ ქულის აღება სჭირდებათ.
ლაშა თაბაგარი