„რეალის“ მე-20 თასი და მე-100 ტიტული ისტორიაში

0
34

მადრიდის „რეალმა“ არსებობის ისტორიაში ესპანეთის თასი მეოცედ მოიგო. სევილიაში „ოლიმპიურ“ სტადიონზე გამართულ ფინალში კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა მადრიდელები „ოსასუნას“ დაუპირისპირდნენ და 2:1 დაამარცხეს.
მატჩის გმირი ბრაზილიელი როდრიგო აღმოჩნდა, რომელიც საუცხოო სათამაშო ფორმაშია.
მატჩის მე-2 წუთზე ვინისიუს ჟუნიორი მარცხენა ფლანგზე ერთ მეტოქეს გაცდა, საჯარიმოში შესულმა გვერდი მეორესაც აუარა და პასი თანამემამულე როდრიგოს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
58-ე წუთზე ლუკას ტორომ მადრიდელთა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
70-ე წუთზე ტონი კროოსის დარტყმის მერე, ოსასუნელი ფეხბურთელის ფეხიდან ბურთი როდრიგოს მიუვიდა, რომელმაც „რეალი“ დააწინაურა.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და მადრიდელები თასს 2014 წლის შემდეგ პირველად დაეუფლნენ. „რეალმა“ თასზე ჩატარებული ბოლო 20 ფინალიდან 18 მოიგო.
„რეალი“ ესპანური ფეხბურთის ისტორიაში თასზე გამარჯვებით მესამეა – პირველი „ბარსელონაა“ (31), მეორეზე ბილბაოს „ატლეტიკი“ (23).
მადრიდელებმა ესპანურ კლუბებში პირველებმა 100 ჯილდო მოიპოვეს. „რეალმა“ 35-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, 20-ჯერ – ესპანეთის თასი, 12-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 14-ჯერ – ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ – უეფას თასი, 5-ჯერ – ევროპის სუპერთასი, 3-ჯერ – საკონტინენტთაშორისო თასი, 5-ჯერ – მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ერთხელ – ესპანეთის ლიგის თასი, 2-ჯერ – ლათინური თასი, ერთხელ – ევა დუარტეს თასი.
„რეალის“ კაპიტანმა ქარიმ ბენზემამ კარიერაში 33-ე ტიტული მოიპოვა – 25 ჯილდო „რეალში“ მოიპოვა, ხოლო „ლიონში“ – 7.. ის ყველაზე ტიტულიანი ფრანგი ფეხბურთელია, „რეალში“ მოგებული ჯილდოებით ლეგენდარულ ბრაზილიელ მარსელოს გაუთანაბრდა.
ფლორენტინო პერესის პრეზიდენტობის დროს „რეალმა“ 32 ტიტული მოიხვეჭა, რაც ლეგენდარული პრეზიდენტის სანტიაგო ბერნაბეუს რეკორდის გამეორებაა.
იტალიელი კარლო ანჩელოტის თავკაცობით „რეალმა“ 475 დღეში 6 ტიტული მოიგო – მანამდე ასე სწრაფად მსგავსი შედეგისთვის არცერთ მწვრთნელს მიუღწევია.
ლაშა თაბაგარი